ნამუსი და სინდისიც კარგი საქონელია - სამირა ბაირამოვას აქცია-პერფორმანსი მარნეულის მერიის წინ
მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ დღეს, 27 იანვარს, მარნეულის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა.

„ნამუსი და სინდისიც კარგი საქონელია“ - ამ წარწერით პლაკატი ბაირამოვამ მერიის წინ გამოაკრა და განაცხადა, რომ მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილებები მოქალაქეების ჩართულობის გარეშე მიიღება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის აზრს საერთოდ არ კითხულობს და მათ ყოველთვის უსამართლო ბიუჯეტი აქვთ დაბეჭდილი. რა არის უსამართლო ბიუჯეტი? ესაა დოკუმენტი სადაც არაა გათვალისწინებული უმრავლესობის აზრი, მათი საჭიროებები. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ჩვენი საქმე სასამართლოში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ სოფლებში გინდ სკოლების, გინს საბავშვო ბაღების, ნაგვის ურნების, შიდა გზების, სოფლის მეურნეობის მხრივ თუ რამდენი უთანასწორო მიდგომაა და თვითონაც მარნეულის მერია ყოველთვის ქმნის პრობლემას და ეს არის შენობა სადაც მათი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, იგეგმება უსამართლო ბიუჯეტი, ხდება ხალხის იგნორირება, უმრავლესობის მოთხოვნების არგათვალისწინება. ამის გამო აქ სულ არის პრობლემა და პროტესტი“. - აცხადებს სამირა ბაირამოვა

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის განმარტეით, მიუხედავად მერიაში შეტანილი არაერთი განცხადებისა თუ პეტიციისა, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ყველასთვისაა, რომ მარნეულის ბიუჯეტი ხალხის ბიუჯეტია. მარნეული კორუმპირებული მუნიციპალიტეტია და მათთვის მაქვს ეს მესიჯი, რომ ნამუსიც კარგი საქონელია და იქნებ ისწავლონ ჭკუა და არ უნდა შეჭამონ ხალხის ფული“

სამირა ბაირამოვას განმარტებით, აქცია-პერფორმანსის მთავარი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის იმის შეხსენებაა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი მოსახლეობის ბიუჯეტია და არა კონკრეტული საჯარო მოხელეების.

აღსანიშნავია, რომ ბაირამოვას მიერ მარნეულის მერიის წინ პლაკატის გაკვრიდან რამდენიმე წუთში მერიის შენობიდან გამოვიდა კაცი, რომელმაც პლაკატი ჩამოხსნა და სანაგვე ურნაში გადააგდო.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები