2023 წელს მინი სტადიონის მოწყობა მარნეულის არც ერთ სოფელში არ იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის მოსახლეობა სტადიონის მოწყობას ითხოვს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ნატალი სამხარაძემ განაცხადა, რომ სოფელში მინი სტადიონის მოწყობის მოთხონით მუნიციპალიტეტს 2022 წლის მასიში მიმართა, მაგრამ მის წერილზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

„ჩვენ სოფელში გვყავს გოგონათა საფეხბურთო გუნდი რომელიც ძალიან ბევრ შეჯიბრში იღებს მონაწილეობას და საპრიზო ადგილებსაც იკავებს. მიუხედავად ამისა, სკოლაში არ გვაქვს სპორტული დარბაზი, არც ეზოში გვაქვს სტადიონი და გვინდოდა, რომ სოფელში მაინც გვქონოდა სტადიონი. ბავშვებმა ვიდეო მიმართვებიც ჩაწერეს რომ იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და სოფელში სტადიონი გაიხსნასო. დაახლოებით მაისში მერიის მეილზე გავაგზავნე განცხადება მაგრამ პასუხი არ მომსვლია. შემდეგ, როდესაც სხვა საკითხზე ვიყავი მერიაში მისული, ვიკითხე ამ განცხადების ბედი და მითხრეს, რომ არ მიგვიღია ეს განცხადებაო და ამის შემდეგ იქვე დავწერე მეორე განცხადება და ჩავაბარე კანცელარიას, განცხადების ნომერიც ავიღე, მაგრამ პასუხი არც შემდეგ მქონია. ახლა კი ჩავდივარ სოფელში და ვხედავ, რომ რაღაც პატარა სკვერს აკეთებენ. კი, ესეც ძალიან კარგია, რომ სკვერი კეთდება, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ სტადიონიც გაკეთებულიყო“. - აცხადებს ნატალი სამხარაძე

სამხარაძის განმარტებით, უახლოეს მომავალში კვლავ აპირებს მარნეულის მერიისათვის ოფიციალური წერილით მიმართვას სოფელში მინი სტადიონის მოწყობის მოთხოვნით.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოფელ დაშტაფაში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებისათვის თანხები გათვალისწინებული არაა. მერიაში ასევე განმარტავენ, რომ 2023 წლის განმავლობაში მინი სტადიონის მოწყობა მარნეულის მასშტაბით არც ერთ სოფელში არ იგეგმება.

რადიო „მარნეული“

Print