მარნეულის ბიბლიოთეკიდან 2022 წელს 3 766 წიგნი გაიტანეს - დღეს წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეა
დღეს, 1 თებერვსლა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაშიც აღინიშნება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საჯრო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ლანა ხეხელაშვილმა განაცხადა, რომ ამ დღეს მარნეულის ბიბლიოთეკა დაარსების დღიდან აღნიშნავს და ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.

„დღესაც ვგეგმავთ მცირე ღონისძიებას და ველოდებით სტუმრებს სხვადასხვა სკოლიდან. გარდა ამისა, ჩვენ ფეისბუქ გვერდზე განთავსდა მცირე ვიდეო ამ დღესთან დაკავშირებით და ზოგადად ბიბლიოთეკის არსებობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ბიბლიოთეკის არსებობა არის ძალიან მნიშნველოვანი ჩვენი რაიონისათვის, ეს არის ლიტერატურის გამოყენების საშუალება ყველასათვის. ჩვენი სერვისები არის უფასო და სხვადასხვა ასაკის მკითხველებს ვთავაზობთ საინტერესო, როგორც მხატვრულ, ისე პროფესიულ, ლიტერატურას“. - აცხადებს ლანა ხეხელაშვილი

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის განმარტებით, ბიბლიოთეკის მკითხველთა უმრავლესობა ახალგაზრდები და სკოლის ასაკის ბავშვები არიან, თუმცა მათი სერვისებით სარგებლობენ ზრდასრულებიც და არიან ისეთი ასაკოვანი მკითხველებიც, რომლებიც მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ყოველდღიურად სტუმრობს.

ბიბლიოთეკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში წასაკითხად 3 766 წიგნი გაიტანეს, მათ შორის 1 751 ქართულენოვანი და 2 015 უცხოენოვანი წიგნი. გასული წლის განმავლობაში მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში 299 ახალი მკითხველი დარეგისტრირდა, მათ შორის 64 ეთნიკურად ქართველი, ხოლო 235 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბიბლიოთეკის დარბაზით 2022 წელს 475-ჯერ ისარგებლეს. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ კი გასული წლის განმავლობაში 18 ღონისძიება განახორციელა.

რადიო „მარნეული“


Print