147 კაცი და 3 ქალი - ალგეთში სოფლის საერთო კრება გაიმართა
დღეს, 1 თებერვალს, მარნეულის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებების ჩატარება დაიწყო. რადიო „მარნეული“ აკვირდებოდა სოფელ ალგეთში გამართულ სოფლის კრებას, სადაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 150 ხელმოწერის შეგროვება შეძლო.

სოფელ ალგეთში სოფლის საერთო კრება 13:00 საათზე დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კრების ლეგიტიმურობისათვის ხელმოწერებს დაახლოები 1 საათის განმავლობაში აგროვებდნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ნავერიანმა განაცხადა, რომ ალგეთში სოფლის კრების ლეგიტიმურობისათვის 200 ხელმოწერა იყო საჭირო, მაგრამ კრება ჩატარებულად იმ შემთხვევაშიც ჩაითვლებოდა თუ ხელმომწერთა რაოდენობის მესამედი მაინც შეგროვდებოდა. აღსანიშნავია, რომ 150 ხელმომწერიდან 147 კაცი და მხოლოდ სამი ქალია.

სოფელ ალგეთის მოსახლეობამ სოფლის საერთო კრების ფარგლებში მხარი გარე განათების მოწყობას დაუჭირა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ალგეთისათვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

Print