მარნეულის მერის სოფელში საერთო კრება ჩაიშალა
მარნეულის მერის, კენან ომაროვის სოფელში, სოფლის კრება ჩაიშალა. შეხვედრაზე, რომელიც საბირქენდის სკოლის მიმდებარე ტერიოტორიაზე 15:00 საათზე უნდა გამართულიყო, მოსახლეობის მცირედი ნაწილი მივიდა. საერთო კრება ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა თუ 200 ხელმოწერა დაფიქსირდებოდა, თუმცა ადგილზე 60-მდე ადამიანი გამოცხადდა. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, მაია ნავერიანმა უთხრა, საბირქენდში ხელახალ კრებას უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.

„დღეს სამ სოფელში ვიყავით ჩვენი ჯგუფი. სოფელ ალგეთში მოსახლეობა საკმარისად შეიკრიბა, თუმცა ქალები ნაკებად მონაწილეობდნენ. სოფელ თაზაქენდში, ნაკლები მოსახლეობა იყო და ჩაიშალა შეხვედრა. სოფელ საბირქენდშიც ჩაიშლა, თუმცა ვაპირებთ მეორე შეხვედა შედგეს და იმედია, მოვა მეტი ხალხი. უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო დაფინანსების თანხაა, საჩუქარია მოსახლეობის. შეიძლება თანხობრივად დიდი არაა დასაფინანსებელი თანხა, მაგრამ საჭირო პროექტებია. სოფლის ასარჩევი იყო რა გაკეთდებოდა მათ სოფელში, აქედან გამომდინარე, მეტი მოლოდინი გვქონდა ჩართულობის, თუმცა, ნაკლებად იაქტიურეს დღეს.“ - თქვა მაია ნავერიანმა.

სოფელ თაზაქენდში კიდევ ერთი კრება, ხვალ 2 თებერვალს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. რაც შეეხება ალგეთს, იქ 150 ადამიანის ხელმოწერა დაფიქსირდა და გარე განათების მოწყობას დაუჭირეს მხარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარია.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

Print