რა პროექტებს დაუჭირეს მხარი ბაითალოში, ულაშლოსა და ბეითარაფჩიში
დღეს, 3 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოში, ულაშლოსა და ბეითარაფჩიში სოფლის საერთო კრებები გაიმართა.

მარნეულში სოფლის კრებები "სოფლის მხარსაჭერის პროგრამის" ფარგლებში იმართება. სოფელ ბაითალოში სოფლის კრება 11:00 საათზე დაიწყო. საერთო კრების ლეგიტიმაციისათვის 20%-ის ხელმოწერა იყო საჭირო. როგორც რადიო "მარნეულს" მარნეულის მერიის წარმომადგენრლმა განუცხადა, სოფელში ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა შეგროვდა და მოსახლეობამ სპორტული მოედნის შემოღობვას დაუჭირა მხარი. ბაითალოსათვის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 12 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელ ულაშლოში საერთო კრება 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რადიო "მარნეული" ულაშლოს საჯარო სკოლასთან, სადაც კრება უნდა გამართულიყო, 12:00 საათზე მივიდა, მაგრამ შეხვედრა უკვე დასრულებული იყო. მერიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სოფელში კრების დაწყება შედარებით ადრე გახდა საჭირო, რადგან დასახლებაში ორი ადამიანის გასვენება იყო. ულაშლოელებმა მხარი დაუჭირეს სოფელში სარწყავი არხების მოწყობას, რაშიც 16 000 ლარი დაიხარჯება.

ასევე 16 000 ლარია გამოყოფილი სოფელ ბეითარაფჩისათვისაც. სოფლის კრებაზე მოსახლეობის 20%-ის ხელმოწერა შეგროვდა, მათ შორის იყვნენ ქალებიც და კაცებიც. ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს სოფლის საჯარო სკოლის შემოღობვას და შიდა გზების მოხრეშვას. რადიო "მარნეულს" მერიის წარმომადგენრლმა განუცხადა, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ბეითარაფჩიში პირველ ეტაპზე შემოიღობება სკოლა, ხოლო დარჩენილი თანხით შიდა გზები მოიხრეშება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები