სამმა მარნეულელმა მოკრივემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა
სამმა მარნეულელმა მოკრივემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სპორტული სკოლის 9 მოკრივე მონაწილეობდა.

„მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებულად იასპარეზეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივეებმა და სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს მოკრივეებს მიღწეულ წარმატებას!
“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ოთარ ნავერიანმა. 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ჟორჟოლიანი, ხოლო 63,5 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა უჩა ჟორჟოლიანმა.

სამივე სპორტსმენის, ვინც ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა, პირადი მწვრთნელი ზურაბ მუშკუდიანია.

რადიო „მარნეული“

Print