მე აბსოლუტურად ვეთანხმები „ხალხის ძალას“ და „ქართულ ოცნებას“ - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე „აგენტების“ შესახებ კანონზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ეთანხმება „ქართული ცონების“ ლიდერებისა და „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განცხადებებს „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ იზიარებს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დამოკიდებულებას კანონპროექტთან დაკავშირებით.

„კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს როგორც „ხალხის ძალამ“, ისე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. განმარტებები გააკეთეს არაერთხელ და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ კანონთან მიმართებაში. ჯერ-ჯერობით განხილვაშია ეს კანონი, როგორც იცით გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, იქედან რა დასკვნაც იქნება ამის შემდეგ, ალბათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას“. - აცხადებს ამირან გიორგაძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე კითხვაზე, თვლის თუ არა რომ მარნეულში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის აგენტები“ არიან, გვპასუხობს, რომ კანონი არასწორად გვესმის.

ჟურნალისტი: ფიქრობთ, რომ მარნეულში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან „უცხოური გავლენის აგენტები“?
ამირან გიორგაძე: ვინ თქვა ეგ, მაგას ვინ ამბობს?
ჟურნალისტი: კანონი ითვალისწინებს, რომ უნდა დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“.
ამირან გიორგაძე: არასწორად აკეთებთ ციტირებას. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, იმ თანხებზე რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნიდან. არავითარი აგენტი. ეს არის სპეციალურად შემოგდებული თემა რომ ხალხში გამოიწვიონ რაღაც გაუგებრობა, რომ ვითომ და ვიღაცას აგენტის დარქმევა უნდა, არა. ეს არის გამორიცხული და რა თქმა უნდა, მეც არ ვიზიარებ იმას, რომ ვიღაცას აგენტი დაერქვას. ეს არის გამჭვირვალეობაზე, მხოლოდ და მხოლოდ, იმ თანხების გამჭვირვალეობაზე, რომელიც შემოდის უცხო ქვეყნიდან და სხვა არაფერი.
ჟურნალისტი: ბატონო ამირან, ხომ არის ახლა უკვე გამჭვირვალე ეს თანხები. ფინანსთა სამინისტროში ჩვეულებრივადაა შესაძლებელი ამ დაფინანსებაზე ინფორმაციის ნახვა.
ამირან გიორგაძე: ახლა, მე სიღრმისეულად აღარ შემოვდივარ. ზოგადად პასუხი გაგეცით, მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციას რა პოზიციაც გაჟღერდა როგორც ხალხის ძალისგან, ისე ჩვენი, ქართული ოცნების ლიდერებისგან.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა რუსულ კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების პროტესტის ფონზე განიხილავდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რა დროსაც დარბაზიდან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატები გააგდეს. მედიის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი სხდომაზე დასწრება რამდენიმესაათიანი ბრძოლისა და პოლიციის კორდონების გადალახვის შემდგომ შეძლეს.

რამდენიმესაათიანი განხილვების პარალელურად პარლამენტთან მიმდინდარეობდა აქცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლემნტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს სამი ჟურნალისტი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ორი ჟურნალისტი და 30-მდე მოქალაქე. ჟურნალისტები გუშინვე გაანთავისუფლეს, ხოლო მოქალქეები ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

ევროკავშირისა და აშშ-ს დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“, „სალამი“, „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, რადიო „მარნეული“... - ეს იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მცირე ჩამონათვალია რომლებსაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის.

ქართული ოცნებისაგან გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება. მსგავსი კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო რამაც ფაქტობრივად გააქრო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი. საქართველოში მომუშავე დამოუკიდებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიზანი, რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობაა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები