ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის მარნეულში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში კონცერტის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ დაგვიდასტურა და თქვა, რომ გადაწყვეტილება თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღეს. მისივე თქმით, ღონისძიება შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება, სადაც მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, კულინარიული მასტერკლასები და სხვა.

„ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, რომ მასშტაბური ღონისძიება ჩატარებულიყო, მაგრამ თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც უამრავი ადამიანია დაღუპული, ამივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეზღუდული ფორმით ჩატარდეს -  კონცერტის გარეშე გაიმართება. გვექნება სპორტული ღონისძიებები, აზერბაიჯანული კერძების დაგემოვნება და ა.შ.  ასევე, ღონისძიებაზე ფერმერები იქნებიან და თავიანთ პროდუქტს გამოიტანენ. მე მინდა ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს დიდი პატივისცემით მივულოცო ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული, გაზაფხულის მოსვლა. თითოეულ ოჯახში სიკეთის და სიმშვიდის მომტანი ყოფლიყოს ეს წელი“- თქვა ამირან გიორგაძემ.

მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნოვრუზ ბაირამისათვის მზადება რამდენიმი კვირის წინ დაიწყო. 16 თებერვალს გამოცხადა 85 485 ლარიანი ტენდერი, რომლითაც მერია მასშტაბური ღონისძიებების გამართვას გეგმავდა.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით.

Print