„მობილური იუსტიციის სახლი“ მარნეულის ორ სოფელს მოემსახურება
მარნეულში „მობილური იუსტიციის სახლი" გამოჩნდა. ავტომანქანამ პირველი სერვისი ალგეთის მოსახლეობას მიაწოდა. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

„მობილური იუსტიციის სახლი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის:

სამშაბათი - სოფელი ალგეთი,
პარასკევი - სოფელი კირიხლო.

„მომსახურების გაცემის პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე პირადად დააკვირდნენ და მოქალაქეებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ.“ - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს მოიცავს.

„მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print