მარნეულის საკრებულოსათვის ახალ შენობას ააშენებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საკრებულოსათვის ახალი შენობის აშენებას გეგმავს. მარნეულის მერიამ საკრებულოს შენობის მშენებლობის საროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი დღეს, 22 მარტს, გამოაცხადა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ საკრებულოსათვის ახალი შენობის აშენება მუნიციპალურ საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულ პირთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.

„ტენდერი იმიტომ გამოცხადდა რომ ვეღარ ვეტევით ოთახებში. თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ორი კაცის მაგივრად ხუთი და ექვსი ზიან კაბინეტებში და ადგილი აღარაა. თან, ახლა იქ შენობაში ვინც ზიან შპს-ები ისინი გადადიან ახალ შენობაში, რომელიც შენდება და იქ გადავლიან ყველა შპს და ააიპე-ები. სადაც ეხლა იმყოფებიან ეს შენობა არის ავარიული. ამის დემონტაჟი უნდა მოხდეს და გადავწყვიტეთ, რომ მის ადგილზე ავაშენოთ საკრებულოს შენობა. ეს ალბათ მოხდება ერთი წლის შემდეგ“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის განმარტებით, საკრებულოს აპარატში 40 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება საკრბეულოს წევრები, კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები. აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საკრებულოსათვის ახალი შენობის აშენება.

გიორგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მერია მხოლოდ საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას გეგმავს, მშენებლობის სამუშაოებისათვის თანხა კი 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას 42 000 ლარად გეგმავს.

ტერიტორია, სადაც საკრებულოს ახალი შენობა უნდა აშენდეს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს.

რადიო „მარნეული“

Print