ქვემო ქართლიდან წლის წარმატებულ სამოქალაქო განათლების მასწავლებლად ირინა მიქავა დასახელდა
ქვემო ქართლიდან წლის წარმატებულ სამოქალაქო განათლების მასწავლებლად ირინა მიქავა დასახელდა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა 25 მარტს გაიმართა. ირინა მიქავა ერთი წელია, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ასწავლის. როგორც მან რადიო "მარნეულს" უთხრა, ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს იყოს პედაგოგი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში არაფორმალური განათლების გზით ისეთი მნიშნელოვანი თემების განხილვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები,  სამოქალაქო აქტივიზმი, მოხალისეობა, ტოლერანტობა და სხვა. 

"ერთი წლის უკან ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დავაფუძნე სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ცვლილებების პიკი/Peak of changes" როგორც სამოქალაქო განათლების მოწვეულმა მასწავლებელმა. დაფუძნების დღიდან ვემსახურებით საერთო ღირებულებებს და იდეას, ვიყოთ ცვლილება,როგორც სკოლაში,ასევე თემში არაფორმალური აქტივობების გზით. 75-მდე შეხვედრა, აქტივობა ამბობს იმას, რაც ჩვენ შევძელით. წარმატებით განვახორციელეთ პროექტები ადამიანის უფლებების ,სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა უფლებების, ტოლერანტობის, თანასწორობის,ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი ,,დიპლომატიის სკოლა 2023" და ჩავატარეთ შეხვედრა სამი ქვეყნის ელჩთან, ასევე ველოდებით იტალიის, ნიდერლანდების ,ბრაზილიისა და ბულგარეთის ელჩებს. ყველა პროექტი დაფუძნებულია ახალაგზრდების მონაიწლეობაზე, სადაც ისინი ქმნიან შესაძლებლობებს საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, ვმუშაობთ ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდების მიერ და ახალგაზრდებისთვის. ამას ემსახურება სწორედ ევროკავშირის პროგრამის EU4Youth მხარდაჭერილი ბოლნისის ახალგაზრდული სივრცის შექმნა, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებით მხარდაჭერილი ახალგაზრდული პროექტები. მასწავლებლობა არის ხელოვნება, როდესაც შენ ხდები მოსწავლისთვის არა დემოტივაციის, არამედ მოტივაციის, ტრანსფორმაციისა და შესაძლებლობების წყარო" - გვითხა ირინა მიქავამ

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
Print