მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიების ორგანიზებაში 82 541 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაში 82 541 ლარი დახარჯა. მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელა და ხელშეკრულება შპს „ჯორჯიან ივენტს“-თან გააფორმა.

„შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის უმრავლესობას წარმოადგენს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა, ხოლო ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის ეთნიკური იდენტობის მაიდენთიფიცირებელი ღონისძიებაა. 21 მარტი ნოვრუზის დღესასწაულის პიკია და მასშტაბურად აღინიშნება. საგულისხმოა, რომ ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NAT230003449 ტენდერი დასრულდა უშედეგოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ზიანი არ მიადგეს საზოგადოებრივ ინტერესებს, აუცილებელია შეზღუდულ ვადებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს მითითებული მომსახურების შესყიდვა“. - აღნიშნულია შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში

საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაში შედიოდა აზერბაიჯანული კუთხისთვის სცენის მოწყობა, მსახიობების მოწვევა, ანიმატორები, კულინარია, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ყვავილების, ხილის და ბოსტნეულის დეკორაცია, ფორმები, სიმბოლური კოცონის ასანთები შეშა, ცოცხალი ჯეჯილი ერთჯერად თეფშებზე და ღონისძიების სივრცის გაფორმება.

ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებასთან ერთად მარნეულის მერიამ ორი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა ნოვრუზ ბაირამზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისათვის რაშიც 13 397 ლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს აღნიშნა. მუნიციპალიტეტს ესტუმრა და დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები