რა ჯარიმების დაწერა შეუძლია მერიას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე - ცვლილებები კანონში
პირველი აპრილიდან ძალაში შედის “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსში შესული ცვლილებები რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ეძლევათ ძალა სხვადასხვა კანონდარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმები სასმართლოსაგან დამოუკიდებლად გამოწერონ.

კანონში შესული ცვლილებების შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„სამუშაო შეხვედრაზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილესთან ერთად, განვიხილეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის საფუძველზეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები განხილული იქნება მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ეხება უნებართვოდ მშენებლობას, სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევასა და მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის საკითხებს". - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს

ქვემო ქართლის მხარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მერიის სამსახურებს დამოუკიდებლად ჯარიმების დაწერა 8 სახის სამართალდარღვევაზე შეეძლებათ.

გთავაზობთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს განსახილველი საკითხების ჩამონათვალს:

სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა, ტერიტორიის იერსახის დამახინჯება, მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა და არასათანადო რეკლამის განთავსება;
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;
გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება.

23 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლება-მოსილებაში შესულ ცვლილებებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრების სამართალდარღვევის ადგილას გამოწერას გულისხმობს. მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახური პირველი აპრილიდან დაიწყებს ჯარიმების სასამართლოსაგან დამოუკიდებლად გამოწერას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები