სკოლა დაამთავრეს, მერე რა ხდება? - სამი კურსდამთავრებული მარნეულიდან
იურა გუმაშიანი სოფელ შულავრიდან იმ 1 318 მოსწავლეს შორისაა, ვინც წელს მარნეულის მასშტაბთ სკოლა დაამთავრა. იურასთანაც დაირეკა "ბოლო ზარი": ზეიმი სკოლაში, კლასელების მიერ მოხატული თეთრი პერანგიები და ტრადიციული გასეირნება დედაქალაქში.
ბოლო ზარი დაირეკა და ფოკუსი მაქვს ერთიანი გამოცდების ჩაბარებაზე. ჯერ 100% არ მაქვს გადაწყვეტილი სად უნდა ჩავაბარო. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ განათლების მიმართულებით მინდა წავიდე. იმიტომ, რომ ჩვენ სამშობლოში, ჩვენ რეგიონში განსაკუთრებით ვხედავ განათლების პრობლემას. ჩვენ ვიწყებთ ფიქრს მომავალ პროფესიაზე მაგალითად მე-9 კლასიდან. თუმცა ბევრ სკოლაში არ იციან რა უნდათ, რა პროფესიები არსებობს. ვინ რა უნდა გააკეთოს. მეც პრინციპში გამორკვევის პერიოდში ვარ. რადგანაც მაქვს შესაძლებლობა გამოვიყენო 1+4 პროგრამა, მგონია რომ ქართული ენის ინტენსიურ კურსების დროს უფრო მივხვდები რა მიმართულებით უნდა წავიდე.

იურამ ქართული ენის სწავლა მოტივირებულად მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის მიღმა საგანმანათლებლო ტრენინგებზე მოხვდა. ქართული ენის შესწავლის მოტივაცია არაფორმალური განათლებიდან წამოვიდა.

„როდესაც შენ ქართულად გელაპარაკებიან, გიხსნიან და შენ ვერ პასუხობ, ძალიან ცუდ შეგრძნებაა. შენ არ გესმის 100% რას გიხსნიან. ამის მერე დავიწყე ინტენსიურად ქართულის შესწავლა. მე ისეთ სოფელში ვცხოვრობ სადაც არის შესაძლებლობა ქართულენოვანებთან კომუნიკაცია და ეს აქტიურად დავიწყე. ტრენინგებზე ინტენსიურად ვრეგისტრირდებოდი და ვიღებთ მონაწილეობას. სახელმწიფო ენის ცოდნა არის გასაღები. ინფორმაცია კი ვრცელდება სომხურად, აზერბაიჯანულად, მაგრამ როდესაც ცხოვრობ საქართველოში აუცილებელია ენის ცოდნა. სოფლებში მართალია მოთხოვნა არის, თუმცა არ არის რესურსი რომ ყველამ შეისწავლოს ენა.“

იურა გუმაშიანის მიზანია იმ სტერეოტიპის დამსხვრევა, რომელიც არსებობს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მიმართ. 17 წლის ახალგაზრდა ამბობს, რომ განათლების მიღება სურს დედაქალაქში, ევროპაში, თუმცა აუცილებლად უნდა თემში დაბრუნება სხვა ახალგაზრდების განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

„ჩემ ოჯახში არასდროს ყოფილა საუბარი იმაზე რომ უნდა წავიდე, მაგალითად სომხეთში. კი ის ქვეყანა ჩემი ისტორიული სამშობლოა. მაგრამ საქართველოც და ჩემ სახლში არასდროს იყო საუბარი იმაზე რომ ჩემი მომავალი საქართველოს არ უკავშირდებოდეს. ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც იმაზე ვფიქრობ, რომ სადაც არ უნდა ჩავაბარო მინდა გავაუმჯობესო ჩემი ქვეყანა ჩემი სოფელი, ჩემი თემი. ნამდვილად ვიცი რომ როდესაც ჩავაბარებ და ვისწავლი თბილისში, აუცილებლად საზღვარგარეთაც მივიღებ. ყველაფერს რასაც ვისწავლი მინდა დავუბრუნო და გავუზიარო ჩემ სოფელს. მთავარი რაც მინდა გავაკეთო ეს დავამსხვრიო ის სტერეოტიპი რომ თუ ხარ ეთნიკური სომეხი ან აზერბაიჯანელი მომავალი საქართველოში არ გაქვს"


ანამარია შუბითიძე სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში სწავლობდა, დამამთავრებელი კლასების განმავლობაში კი მარნეულის N6 საჯარო სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. 17 წლის ახალგაზრდამ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან იცოდა რა პროფესიის დაუფლება სურდა და 12 წელი ამ მიზნისთვის ემზადებოდა.

„მიზანი მაქვს დასახული. ვიცი რა მინდა ამ ცხოვრებაში და ჩემი სკოლიდან დაგროვილი ცოდნიდან ნამდვილად ვიცი რა მინდა. ჩემი არჩეული პროფესია უკავშირდება მედიცინას. ეს იდეა წამოვიდა საბავშვო ბაღიდან . სპექტაკლში ექიმს როლი მოვირგე და აქედან დაბადა იდეა და სურვილი, რომ ექიმი გავხდე. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ექიმის როლში ყოფნა.ძალიან მომწონს ადამიანების დახმარება, გვერდში დგომა, დახმარების გაწევა"

ანამარია თვლის, რომ სკოლამ მას ყველაფერი მისცა იმისთვის, რომ შეძლოს უნივერსიტეტში ჩაბარება.

„სკოლამ მომცა პირველ რიგში ადამიანური თვისებები. სკოლაში ვისწავლე სიყვარული, თანაგრძნობა, გაგება. ამ ადამიანურ თვისებებთან სკოლაში შემაყვარეს ისეთი საგნები როგორიც არის ბიოლოგია, ქიმია. პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ ნიშნავს იყო გამორჩეული, არ ნიშნავს იყო ვუნდერკინდი. ეროვნული გამოცდები გაძლევს ჩარჩოს, პროგრამას რომელსაც უნდა მოერგო და ეს პროგრამა ისწავლება სკოლაში. რა თქმა უნდა ბოლომდე მე სკოლას არ დავეყრდენი და რეპეტიტორებთანაც ვიარე და ჯერ კიდე დავდივარ. რეპეტიტორები შენი დამხმარე ძალა არიან. ინდივიდუალური პროგრამა უფრო მეტს წყვეტს ვიდრე 30 ბავშვში რომ უნდა გადანაწილდეს ინფორმაცია.“

როგორც მომავალ ექიმის რა არ მოგწონს ჯანდაცვის სისტემაში?

„მგონია რომ ახლანდელი ექიმები უფრო მოდუნებულები არიან. მობეზრებული აქვთ საკუთარი საქმე. აღარ არიან ისეთი ენერგიულები როგორც შეიძლება დასაწყისში იყვნენ. მე შევცვლი ამ დამოკიდებულებას. ვეცდები, რომ ვიყო ღიმილიანი და პოზიტიური ექიმი. ჩვენ ქვეყანაში დასაქმებული ექიმები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ლიტერატურაც რუსულ ენიდანაა ძირითადად ნათარგმნი. საქართველოში არ არის საკმარისი სამედიცინო ლიტერატურა, ცუდი თარგმანებია რუსულიდან. უაზრო ტერმინოლოგია. მე პირადად ვგეგმავ რომ ინგლისურადაც ვისწავლო საზღვარგარეთ. მაგრამ იმ პირობით გავაკეთებ ამას რომ იქ მხოლოდ ვისწავლი და საქართველოში დავბრუნდები სამუშაოდ. მინდა ჩემ ქვეყანაში ვიმუშაო. რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ მარნეულში ვიმუშაო რადგან ჩემი შთაგონების წყარო პროფესიის არჩევაში იყო ჩემი თემი, ნათესავები, მეზობლები. რა თქმა უნდა არის ცდუნება დარჩე დიდი ქალაქში სამუშაოდ. მაგრამ მე ვეცდები რომ მარნეულს გავუზიარო ჩემი მიღებული ცოდნა და გამოცდილება“

საიდა აბდულაევაც ექიმობაზე ოცნებობს. საიდამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ მუღანლოს სკოლა დაამთავრა. 17 წლის გოგო იმედოვნებს, რომ შეძლებს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებას. თუმცა მისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არის გარკვეული ბარიერი.

"სკოლის პერიოდი საუკეთესო წლებია ჩემი ცხოვრების. ახლაც კი მახსოვს რამდენად მზიანი იყო როდესაც პირველად შევადგი სკოლაში ფეხი. წლებმა ძალიან მალე გაირბინა. სკოლამ ბევრი ცოდნა მომცა. ძალიან მხარია, რომ უკვე ის დრო დადგა, როდესაც შემიძლია ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო. და ეს ძალიან ამაღელვებელი შეგრძნება ყოფილა."

ექიმობა საიდასთვის დიდი სტიმულია იმუშაოს საკუთარ თავზე, დისციპლინაზე.

"სირთულეებისთვის მზად ვარ და ეს მე არ მაშინებს. მჯერა, რომ წარმატებისთვის გარკვეული პრობლემების გადალახვა მომიწევს. ქართული გარკვეულ დონეზე ვიცი. უნივერსიტეტში კარგად მოვემზადები, ვისწავლი და მჯერა რომ ქართულსაც პარალელურად გავაუმჯობესებ. მჯერა რომ ჩავაბარებ“

მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს "ბოლო ზარი" 1318 მოსწავლისთვის დაირეკა.
Print