ერდოღანის მადლობა მხარდამჭერებს “თურქეთის კიდევ 5 წლით მართვის” შესაძლებლობისთვის
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც, წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს, სტამბოლში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს იმისათვის, რომ მისცეს “თურქეთის კიდევ 5 წლით მართვის” შესაძლებლობა.

როცა ერდოღანი სიტყვით გამოვიდა, არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერ არ იყო ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, თავად ლიდერობდა. მოგვიანებით, თურქეთის “ცესკომ” ის ოფიციალურად გამოაცხადა გამარჯვებულად.

“ცესკოს” თავმჯდომარის, აჰმეთ იენერის თანახმად, ერდოღანმა ხმათა 52.14%, ანუ 27,513,587 ხმა მიიღო, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი — 47.86% აქვს, ანუ 25,260,109 ხმა.

ერდოღანმა, რომელიც 20 წელია, ქვეყანას მართავს, სიტყვით გამოსვლისას დასძინა, რომ არჩევნების ერთადერთი გამარჯვებული თურქეთი და მისი დემოკრატიაა.

“ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით…

ჩვენი ერის ყოველმა წარმომადგენელმა… კიდევ ერთხელ გადმოგვცა პასუხისმგებლობა თურქეთის მართვაზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში”, – თქვა მან.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი გააკრიტიკა, ოპოზიციურ პარტიებზე კი ისაუბრა ჰომოფობიური ლექსიკით, რომელსაც მრავალგზის იყენებდა საარჩევნო კამპანიის დროს. მისი სიტყვებით, ქილიჩდაროღლუს “რესპუბლიკური სახალხო პარტია”(CHP) და მისი მოკავშირეები “ლგბტ” პარტიები არიან, ხოლო თურქეთის მმართველ პარტიაში “ლგბტ ვერასდროს შეაღწევს”.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 14 მაისის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ზე მეტის მოპოვება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 წელია, თურქეთს მართავს. ის თურქეთის მმართველ პარტიას, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” თავმჯდომარეობს. მისი მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” თავმჯდომარეა.

2023 არჩევნების პირველი ტური ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში. მიზეზებს შორის დომინირებდა ერდოღანის მმართველობისას გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანობა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

საერთაშორისო დამკვირვებელთა თქმით, მოქალაქეებს პირველ ტურში არჩევანის საშუალება ჰქონდათ, თუმცა თურქეთს არ შეუსრულებია ძირითადი პრინციპები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ეუთო/ოდირის შეფასებით, “მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტიები სარგებლობდნენ გაუმართლებელი უპირატესობით, მათ შორის, მიკერძოებული მედიაგაშუქებით”.

უკანასკნელ წლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა არამხოლოდ გაიფართოვა ძალაუფლება, არამედ, გააძლიერა განსხვავებული აზრის დევნა, რომელიც შეეხო როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისე მედიას, აკადემიურ სივრცესა და სასამართლოს.

სხვადასხვა ბრალდებით, რომელთა შორისაა ტერორიზმთან კავშირი, ხელისუფლების დამხობის მცდელობა თუ პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ერდოღანის მრავალი კრიტიკოსი დაუკავებიათ და გაუსამართლებიათ.

ამ პროცესებისა და საზოგადოების პოლარიზების ფონზე, ბუნდოვანია ერდოღანის განცხადებების რეალისტურობა იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული არამხოლოდ თავად და მისი მხარდამჭერები, არამედ მთელი თურქეთია.

მორიგი საპრეზიდენტო ვადისას მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკა იქნება. ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში 44%-ს შეადგენს, თუმცა ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და 85.5%-ს მიაღწია. აღნიშნულს თან სდევს თურქული ლირის გაუფასურება და ფასების ზრდა.

კრიზისის გამწვავებაში არაერთი ადანაშაულებს უშუალოდ ერდოღანს: იმ ფონზე, როცა რიგმა ქვეყნებმა ინფლაციასთან გასამკლავებლად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდეს, თურქეთის პრეზიდენტი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს და საპირისპიროსკენ უბიძგებდა ცენტრალურ ბანკს.

ერდოღანი ახლაც ამ პოზიციაზეა და კვლავ არ ეთანხმება აზრს, რომ ფინანსური განაკვეთის დაწევა ინფლაციას ზრდის.

ოპოზიციის დაპირება, ეკონომიკის გაჯანსაღების გარდა, იყო კორუფციასთან ბრძოლა, ისევე როგორც, დემოკრატიულ რეფორმების გატარება, თურქეთის დაბრუნება საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე, ისევე როგორც, მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა და მეტად დაახლოება დასავლეთის ბლოკთან.

ოპოზიციის დაპირება იყო, რომ გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა, თურქეთს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე დააბრუნებდა, უზრუნველყოფდა მოქალაქეთა თავისუფლებების დაცვას და მეტად დაუახლოვდებოდა დასავლეთის ბლოკს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები