რატომ წყდება ხშირად მარნეულში სასმელი წყალი - კომპანიის განმარტება
„მარნეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჭაბურღილების ტესტირება მიმდინარეობს რის გამოც ყოველდღიურად ითიშება 2-3 ჭაბურღილი“ - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფის აპარატის უფროსმა ელენე კავსაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომოანიის წარმომადგენელის განმარტებით, სათავე ნაგებობაზე არის დაზიანებული მეხუთე ჭაბურღილის ტუმბო რომლის შესყიდვისთვისაც უკვე გაგზავნილი აქვთ მოთხოვნა.

ქალაქ მარნეულში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას სასმელი წყალი უვკე ერთ კვირაზე მეტია არ მიეწოდება. რადიო „მარნეულს“ მოსახლეობამ უთხრა, რომ სასმელი წყლის არარსებობის გამო მათ ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ლიტრი წყლის შესყიდვა უწევთ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფის აპარატის უფროსის განმარტებით, გამსახურდიას ქუჩაზე წყალმომარაგება ხვალიდან, 30 მაისიდან, აღდგება.

„დღეს უკვე შეიძენენ ტუმბოს, ხვალ ჩაირთვება და ხვალიდან უკვე გამოსწორდება პრობლემა. რაც შეეხება ჭაბურღილების ტესტირებისა და გაწმენდის პროცესს, ეს პროცესი დაწყებულია და ვეცდებით რომ უახლოეს პერიოდში დავასრულოთ. მარნეულში და მუნიციპალიტეტში შემავალ 5 სოფელში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად აშენდება თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობა. გრძელდება ამ ეტაპზე წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მონტაჟი და ეს მშენებლობა მიმდინარეობს 6 დამოუკიდებელ პროექტად და შესაბამისად, პატარ-პატარა დისკომფორტებს გამოიწვევს“.

ელენე კავსაძის განმარტებით, მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, სავარაუდოდ, მომდევნო 15 თვის განმავლობაში დასრულდება და 22 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდზე შესაძლებელია იმ ქუჩების ჩამონათვალის ნახვა, სადაც სასმელი წყლის მიწოდებაა შეზღუდული. დღეს, 29 მაისს, სასმელი წყლის მიწოდება 3 189 აბონენტს აქვს შეზღუდული. აღნიშნულ აბონენტებს წალმომარაგების მიწოდება 15:00 საათიდან აღუდგებათ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები