"ისწავლე, რათა ასწავლო" - ხოჯორნში მასწავლებლების კონფერენცია გაიმართა
დღეს 2 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლის, ლალი მარგიანის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. „ისწავლე, რათა ასწავლო“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ გაზიარებული ცოდნის სხვებისთვის სწავლებაა. ლალი მარგიანი მარნეულის საზღვრისპირა სოფელში 6 წლის წინ ჩამოვიდა და სომეხ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება. მისი დღევანდელი კონფერენციის მონაწილეები პედაგოგები, ადგილობრივი რესურსცენტრის და
განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არინ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია. ჩვენთან არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრები, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქვემო ქართლის მასწავლებლებს. ჩემს კონფერენციაში არის ხარაგაულის წარმომადგენელი, ცაგერის წარმომადგენელი, ბოლნისის, დმანისი, ნინოწმინდიდანაც კი ჩამოვიდა ქართულის მასწავლებელი. ვფიქრობ, ძალიან ბევრ რამეს წაიღებენ მასწავლებლები ამ კონფერენციიდან. კონფერენციის სახელია ისწავლე, რათა ასწავლო. გიორგი ჭაუჭიძეს (მასწავლებელი) აქვს ასეთი გვერდი ვიფიქრე, რომ სწორედ ეს სახელი დამერქმია, რადგანაც დღეს მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ სხვების სასწავლებლად“

ხოჯორნში გამართულ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგი, მაიკო კვენიაშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა არაერთ ტრენინგს დასწრებია, დღევანდელ ღონისძიებაზე გაჟღერებული საკითხები მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და სამომავლოდ პრაქტიკაშიც გამოიყენებს.

„დღეს დავესწარი საგანმანათლებლო კონფერენციას " ისწავლე, რათა ასწავლო" . მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი, დღევანდელ ღონისძიებაზე ბევრი საინტერესო რამ გავიგე და აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. მიხარია, რომ მომეცა საშუალება დავსწრებოდი დღევანდელ კონფერენციას . წარმატებებს ვუსურვებ ლალი მასწავლებელსა და ჩემს კოლეგებს.“ - თქვა მაიკო კვენიაშვილმა

კონფერენციას ესწრებოდა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რესურსცენტრი ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავსი სახის აქტივობებს.

“ყოველთვის მიესალმება მარნეულის რესურსცენტრი მსგავს აქტივობას პედაგოგები მხრიდან. ქალბატონი ლალი არის საოცრად ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი, მისი დამსახურებაა ამ სკოლის ასე გააქტიურება, თუმცა მას მთელი დირექცია უდგას მხარში. ხოჯორნის სკოლა გახლავთ სომხურ -აზერბაიჯანული და მისასალმებელია მარნეული, რომელიც ასეთი მრავალფეროვანია თავისი კულტურული წარმომადგენლობით, ეს სკოლაც ადასტურებს ამ ყველაფერს“ - თქვა ირმა დავაძემ

კონფერენციას რამდენიმე მომხსენებელი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სხვადასხვა წლების ათეულის წევრები. განიხილეს საკითხები, რომელიც შეეხებოდა საველე გასვლით გაკვეთილებს, ინიციატივებს და პროექტულ სწავლებას, მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებს, სახალისო რესურსების გამოყენების როლს სასწავლო პროცესში და სხვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები