მერიამ სამართალდარღვევების დასაფიქსირებლად სამკერდე კამერები შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური სხვადასხვა სახის სამართალდარღვევებზე ჯარიმებს ადგილზე გამოწერს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად მერიის ზედამხედველობის სამსახურს სასამართლოსაგან დამოუკიდებლად შეუძლია ჯარიმების დაწერა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მუნიციპალური მიწის უკანონოდ მითვისება, ნარჩენების დაყრა და ხმაური.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზედამხედველობის სამსახურისათვის სამი ერთეული სამკერდე კამერა გამარტვიებული წესით შეისყიდა. მერიამ კამერები შპს „ჯორჯიან ინოვეიშენ თექნოლოჯი“-საგან 1 930 ლარად შეიძინა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თურალ ისმაილოვმა განაცხადა, რომ მერია 2 ერთეულ ხმის საზომ მოწყობილობას უახლოეს პერიოდში შეიძენს.

„დღის და ღამის საათებში გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დაჯარიმება შეგვიძლია, ამისათვის გვჭირდება ხმის ზღვრული ნორმის დადგენა და სწორედ ამიტომ გვჭირდება სპეციალური აპარატურა. რაც შეეხება სამხრე კამერებს, ასევე კანონში შევიდა ცვლილება და რიგი დარღვევები გადმოვიდა მუნიციპალიტეტზე, მუნიციპალიტეტის შესაბამისის სამსახური, ამ შემთხვევაში ჩვენი, ზედამხედველობის, განყოფილება ადგილზე შეისწავლის, შეაფასებს დარღვევებს და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გამოუწერს მოქალაქეს ჯარიმას. აქამდე, ყველანაირ სამართალდარღვევის ფაქტზე ოქმს ვადგენდით და ვაგზავნიდით სასამართლოში და სასამართლოში განიხილებოდა, ახლა კი ამ დარღვევებისათვის ჯარიმების გამოწერა თავად შეგვიძლია“. - განმარტავს თურალ ისმაილოვი

მარნეულის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, სამკერდე კამერები განყოფილებას ესაჭიროება როგორც ფაქტის დაფიქსირებისათვის, ასევე იმ პროცედურების აღსაბეჭდათ, რასაც ზედამხედველობის განყოფილება ადგილზე სამართალდარღვევის გამოვლენისას განახორციელებს. ისმაილოვის განმარტებით, სამკერდე კამერების მეშვეობით გამარტვივდება ფაქტის დამტკიცება და პრეტენზიების შემთხვევაში მერიას ექნება საჯარიმო ქვითრის გამოწერის ვიდეოჩანაწერი, სადაც სრულიად იქნება აღბეჭდილი სამართალდარღვევის არსი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები