ექთნების სპეციალიზაციის ცენტრის შესახებ ინფორმაცია მერნეულელ მედპერსონალს გააცნეს
21 სექტემბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მარნეულელ ექთნებთან და კოლეჯების საექთნო მიმართულებების წარმომადგენლებთან.
დამსწრეებს გააცნეს შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად შექმნილი ექთანთა დიპლომისშემდგომი განათლების / სპეციალიზაციის საგანმანათლებლო ცენტრის მუშაობის მთავარი მიზნები.

როგორც "ჯეო ჰოსპიტალს"- ის სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ნოღაიდელი განმარტავს,
პროგრამა ორიენტირებულია საექთნო პერსონალის გაძლიერებაზე.

"მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მწვავედ გვიდგას ადამიანური რესურსის პრობლემა საექთნო მიმართულებით. როდესაც USAID-ის პროექტის ფარგლებში "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" მოგვეცა შესაძლებლობა გარკვეული აქტივობები განგვეხორციელებინა საექთნო პერსონალის გადამზადების მიმართულებით, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, მოვიპოვეთ გრანტი და საქართველოში პირველად შევქმენით საექთნო დიპლომის შემდგომი მზადების ცენტრი. პროექტის განხორციელება დავიწყეთ უკვე ერთი წელია. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვამზადეთ პოლონეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ევროპული დიპლომის შემდგომი განათლება ექთნებისათვის. საქართველოში პირველად მომზადდა მსგავსი რამ. უკვე შემდგომ ეტაპზე გადავედით და მოვამზადეთ უკვე ექთან-ტრენერთა გუნდი. აქ პოლონელი და ქართველი ექსპერტები იყვნენ ჩართულები. ამავდროულად შევქმენით ძალიან კარგი საექთნო მზადების ბაზა ძალიან კარგად აღჭურვილი. 1 ნოემბრიდან ვიწყებთ საექთნო დიპლომის შემდგომი მზადების პროგრამების განხორციელებას და ამაყები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ეს ხორციელდება პირველად და ხორციელდება მარნეულში. პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდა საექთნო პერსონალის გაძლიერებაზე და ორიენტირებულია ასევე ეთნიკურ უმცირესობებზე, რათა შემცირდეს ბარიერი რაც არსებობს ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების მიღების თვალსაზრისით"

შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის კოლეჯის საექთნო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ალავიძე, რომელიც ფიქრობს, რომ მსგავსი შესაძლებლობა დიდი მოტივაციაა ექთნებისათვის.

"აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ახალი ინოვაციური მეთოდების დანერგვა, დიპლომის შემდგომი განათლების ფარგლებში მისი გაგრძელება. იცით, რომ ექთნის კადრი ისედაც დეფიციტია და ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მეტ ინტერესს საექთნო მიმართულებით, რათა გაიზარდოს დაინტერესება და საბოლოო ჯამში მეტი კვალიფიციური კადრი მივიღოთ" - ამბობს თამარ ალავიძე.

"ჯეო ჰოსპიტალს"-ის განმარტებით, საექთნო სპეციალიზაციის პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტის საექთნო პერსონალის მომზადებას ქვემო ქართლის რეგიონში, რაც მათი ღირსეული დასაქმებისა და პროფესიული ზრდის საწინდარია. ამავდროულად, პროექტი ორიენტირებულია რეგიონში ქალთა გაძლიერების მიმართულებით, განსაკუთრებით ახალგაზრდა საექთნო პერსონალზე.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345