სასამართლო სისტემის გამოწვევებზე მარნეულში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, 28 სექტემბერს, მარნეულში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. რადიო „მარენულთან“ საუბრისას ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ წარმომადგენელმა ნაშირ ორდუხანოვმა განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი სასამართლო სისტემის ირგვლივ მომუშავე აქტორების დიალოგის წამოწყებაა.

„ისინი განიხილავენ რეგიონში ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას, გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის გზებს, რაც იურიდიულ საკითხებსა და ზოგადად
მართლმსაჯულების სფეროს ეხება. ჩვენი მიზნაია, რომ ხელი შევუწყოთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების დიალოგს, რათა თავად განიხილონ თუ რა გამოწვევები და პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში“.
- განაცხადა ნაშირ ორდუხანოვმა

შეხვედრაზე განიხილეს „საქართველოს სასმართლო გუშაგის“ მიერ ჩატარებული მონიტოტინგის შედეგებიც. როგორც „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა ორგანიზაციამ სასამართლოს მონიტორინგის საკითხზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. მოხალისეები, ვისაც იურიდიულ სფეროსთან შეხება არ ჰქონდათ, საქართველოს მასშტაბით 18 სასამართლოში აკვირდებოდნენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებას. ორგანიზაციის წარმომადგენლები ჯამში 1 300-ზე მეტ სასამართლო სხდომას დააკვირდნენ.

ნაზი ჯანეზაშვილი რადიო „მარნეულთან“ იმ მიგნენებებზე საუბრობს, რაც მათმა მონიტორინგმა გამოავლინა.

„ძირითადად, პირველი პრობლემა, რაც გამოიკვეთა არის დაგვიანებები. პროცესები გვიანდება და ეს საბოლოო ჯამში საქმის დაგვიანებასაც იწვევს და ეს ორგანიზებულობის პრობლემა არის საკმაოდ მასშტაბური სახის. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 38% პროცესების, რომელსაც ჩვენ დავაკვირდით, დაიწყო დაგვიანებით. დაგვიანებებში ვგულისხმობთ არა მოკლე დროით დაგვიანებას, არამდე 5 წუთზე მეტი დროით დაგვიანებას. ასევე, საინტერესო იყო ის თუ როგორია ანგარიშვალდებულების საკითხი, ანუ უხსნიდნენ თუ არა მოსამართლეები მხარეებს და დამსწრე საზოგადოებას, თუ რატომ დაგვიანდა პროცესის დაწყება. ეს ახსნა-განმარტებებიც არის საკმაოდ პრობლემური 22%-ში განმარტეს მოსამართლეებმა თუ რატომ იყო პროცესი დაგვიანებით დაწყებული. ეს არ იწვევს ნდობას სასამართლოს მიმართ, როდესაც არაორგანიზებულ მუშაობას აქვს ადგილი“.

ჯანეზაშვილის განმარტებით, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პროცესები არ ტარდებოდა, მაგრამ განმარტებას არ აკეთებდნენ თუ რატომ არ ტარდებოდა ის.

„ასევე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მართავდნენ პროცესებს მოსამართლეები, ასახელებენ თუ არა რა ეტაპზეა სხდომა და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ 38%-ში მოსამართლეებმა არ განმარტეს თუ რა ეტაპზე იყო სხდომა და დამკვირვებლები პროცესის დასრულების შემდეგ თავად მიხვდნენ თუ რა ეტაპზე იყო სასამართლო პროცესი. ეტაპებს აქვს მნიშვნელობა გამჭვირვალობის მხრივაც, რადგან დამსწრე საზოგადოებამ უნდა იცოდეს და მოსამართლე უნდა განმარტავდეს ყველა დეტალს, რაც სხდომაზე მიმდინარეობს, ეს მისი ვალდებულებაა. გარდა ამისა, იყო მოსამართლეების მხრიდან უხეში მოპყრობის შემთხვევებიც, ასეთი 20 შემთხვევა დავაფიქსირეთ რაც არაა ცოტა“.

„საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დირექტორის განმარტებით, კვლევაში შევიდა ქვემო ქართლის სასამართლოებიც, მათ შორის მარნეულის სასამართლოც.

„ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ყველაზე თვალსაჩინო, ეს არის თარჯიმნების საკითხი. არა მხოლოდ მარნეულში, არამედ რუსთავშიც, რადგან ერთის მხრივ თითქოს სასამართლოებში არის აწყობილი ეს სისტემა, იძახებენ თარჯიმნებს ბიუროდან ან ზოგ შემთხვევაში თავად სასამართლოშიცაა თარჯიმანი, მაგალითად რუსთავს ჰყავს რამდენიმე თარჯიმანი ადგილზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის პრობლემა, რადგან არავინ ამოწმებს იმას, თუ რა ხარისხით მიმდინარეობს თარჯიმნის სერვისი და ამავდროულად ამოწმებს იმას, ხომ არ ფერხდება მენეჯმენტის გამო თარჯიმნების გამოუცხადებლობა და პროცესების შეფერხება. ესაა საკითხი, რომელსაც ვფიქრობთ რომ სჭირდება სიღრმისეული მუშაობა“. - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

სასამართლო სისტემის ირგვლივ მომუშავე ადამიანებთან შეხვედრა პროექტის „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები ქვემო ქართლის რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი” USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123