მარნეულის მერიისა და საკრებულოსთვის 6 მაცივარი შეისყიდეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიისა და საკრებულოსათვის 6 მაცივარი შეიძინა. მაცივრების შესაძენად მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე კანან ალიევთან გააფორმა.

გამარტივებულ ხელშეკრულებას 6 მოხსენებითი ბარათი ერთვის, რომელთა მიხედვითაც მაცივრებს მერიისა და საკრებულოს სამსახურებისთვის შეიძენენ.

„მოგეხსენებათ, თუ რაოდენ გადატვირთულ ადმინისტრაციულ სამუშაო რეჟიმში უწევს ჩემდამი დაქვემდებარებულ სამსახურს თავისი მეორადი სტრუქტურული ქვედანაყოფებითურთ - განყოფილებებითურთ მისდამი მინიჭებული კომპეტენციების / უფლებამოსილებრივი ფუნქცია-მოვალეობების აღსრულება, რაც გამოიხატება არაერთგვაროვანი საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებაში, ამისთვის კი ყოველდღიური გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის - განსაკუთრებულად კი ცხელი სეზონური მეტეო პირობების გათვალისწინებით არის პრაქტიკულად გაუსაძლისი და შეუძლებელი თუ კი სამსახური არ იქნება შესაბამისი პირობებით გამართულად უზრუნველყოფილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურისთვის შეძენილ იქნეს 1 (ერთი) ერთეული ორკამერიანი მაცივარი“. - აღნიშნულია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის კობა ჩხიტუნიძის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად მაცივრები შეიძინეს საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებისთვის, ადმინისტრაციული სამსახურისთვის და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურისთვის.

მაცივრები ასევე შეიძინეს მარნეულის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახისა და საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილებისათვის.

მარნეულის მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე კანან ალიევს 6 მაცივარში 5 275 ლარი გადაუხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები