„ენმ“-ს მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში განხეთქილებაა - ვინ უჭერს მხარს ხაბეიშვილის გადადგომას
მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას უერთდება. ფრაქციის თავმჯდომარის ლაშა ქველაძის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, უერთდებიან მათი თანამებრძოლების მოთხოვნას და ითხოვენ, პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან მისი ქმედებები და გამოსვლები აზიანებს პარტიას.

„2023 წლის მაისში, მარნეულში გაიმართა პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შიდა არჩევნები, აღნიშნულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი და
დავით კირკიტაძე მხარს უჭერდნენ კანდიდატს, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ ოცნების სასარგებლოდ.
ამის შემდგომ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იყო მცდელობა, დაეხურათ "მიშას გათავისუფლების" შტაბი, მომხდარიყო გამოცდილი და მებრძოლი ადამიანების გარიყვა პარტიიდან, რაც არ გამოუვიდათ ჩვენი წინააღმდეგობის ფონზე, თუმცა მოახერხეს ის, რომ მარნეულის ორგანიზაცია ორად გაიყო“
. - წერს ლაშა ქველაძე სოციალურ ქსელში

მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ენმ“-ს თავმჯდომარის განმარტებით, პარტიის თავმჯდომარის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია პარტიის გახლიჩვა და რეიტინგის კლება.

„მოქალაქეებში გააჩინა აზრი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად და მხოლოდ საპარლამენტო მანდატები აინტერესებთ. ზემოთხსენებული პრობლემები რომ მოგვარდეს, პარტია გაძლიერდეს და ამომრჩეველს დაუბრუნდეს ნდობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მიზანშეწონილია ჩატარდეს პარტიის მასშტაბური ყრილობა, სადაც არჩეული იქნება ახალი პოლიტსაბჭო და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უხელმძღვანელებს პარტიას და 2024 წლის არჩევნებზე ერთობით დავამარცხებთ რუს ოლიგარქს“. - აღნიშნა ლაშა ქველაძემ

ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს მარნეულის ფრაქციის 5 წევრიდან ოთხი. ხაბეიშვილის გადადგომას მხარს უჭერენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე ლაშა ქველაძე, თავმჯდომარის მოადგილე რამალ ახმედოვი და ფრაქციის წევრები დავით ქიმაძე და მარინა პეტროვა.

ხაბეიშვილის გადადგომას მხარს არ უჭერს ფრაქცია „ენმ“-ს წევრი ნარგიზა ალიევა. რადიო „მარნეული“ შეეცადა ალიევას ჩაწერას, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

მარნეულის საკრბეულოს ფრაქცია „ენმ“-ს უმრავლესობისაგან განსხვავებით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომას მხარს არ უჭერს „ენმ“-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაცია. „ენმ“-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აზად ქარიმოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხაბეიშვილმა პარტიისათვის ბევრი კარგი რამ გააკეთა და მარნეულის რაიონული ორგანიზაცია მას მხარს უჭერს.

„მარნეულის ორგანიზაციაში რამდენიმე თვის წინ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და მე ამირჩიეს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ჩვენ ვართ ლევან ხაბეიშვილთან ერთად, რადგან როდესაც ლევან ხაბეიშვილი მოვიდა პარტიის თავმჯდომარედ პარტია გაძლიერდა. ბევრი სამუშაო გვაქვს, ჩვენც ბევრი დავალება გვაქვს და ვმუშაობთ. ხაბეიშვილმა ბევრ რეგიონში გახსნა ახალი შტაბი, რაც ძალიან კარგია“. - აცხადებს აზად ქარიმოვი

აზად ქარიმოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც „ენმ“-ს მარნეულის რაიონულმა ორგანიზაციამ ოფისი შეიცვალა. მისი განმარტებით, რაიონული ორგანიზაცია ამ ეტაპზე ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე არსებული შტაბი „მიშას გათავისუფლების“ შტაბია. ქარიმოვის განმარტებით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ რა ხდება „მიშას გათავისუფლების“ შტაბში.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი 
რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12