მარნეულში ერთ წელში 30 პლასტმასის სანაგვე ურნა დაიწვა
მარნეულში ახალი ურნების დადგმის შემდეგ დაახლოებით 30 კონტეინერი დაიწვა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში შპს სუფთა მარნეულის ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე ამბობს, სანაგვე კონტეინერები უყურადღებობის გამო იწვება. მისივე თქმით, გეგმავენ, რომ მომავალი წლიდან პლასტმასის კონტეინერების ნაცვლად, რკინის შეიძინონ.

“გვაქვს ურნები საწყობში დაახლოებით 100 ცალი. უყურადღებობა წვავს ამ ურნებს. ჩაიხანებიდან გამოაქვთ ნაცარი, გაღვივდება შიგნით და ცეცხლი უჩნდება. რაც ახალი ურნები დავდგით პლასტმასის, დაახლოებით 30 ცალი დაიწვა. ჩვენ პლასტმასის ურნები გვაქვს და იმით ჩავანაცვლებთ, მომავალი წლიდან გავითვალისწინებთ, რომ აუცილებლად რკინის ურნები უნდა იყოს“

მარნეულის მუნიციპალიტეტმა 829 ცალი ახალი სანაგვე ურნის განაწილება 2023 წლის იანვრის თვიდან დაიწყო. 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის შესაძენად ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი დაიხარჯა.

ურნები ქალაქსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადანაწილდა. მუმლაძის თქმით, 829 სანაგვე ურნიდან საწყობში 100-მდე აქვთ დარჩენილი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები