მარნეულში ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ დისკუსია გაიმართა
დღეს, 30 ნოემბერს, მანეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ დისკუსია გაიმართა. დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ მოსწავლეები და სკოლის მასწავლებლები და დირექტორები.

„დისკუსიის ფარგლებში მოწვეული იურისტი ისაუბრებს კანონმდებლობის შესახებ, რომელიც კრძალავს ბავშვთა ქორწინებას. უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა ისაუბრებს ბოლო დროს გახმაურებულ ბავშვთა ქორწინების ფაქტებსა და საზოგადოებისა და სხვადასხვა უწყებების როლზე პრევენციის და რეაგირების მიმართულებით. ქ.მარნეულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა აუდიტორიას გაუზიარებს პრაქტიკას, თუ როგორ ახდენს სკოლა ბავშვთა ქორწინების შემთხვევების პრევენციას“. - აღნიშნულია ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ დისკუსიის აღწერაში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ძირითადად სკოლის დირექტორები და მოსწავლეები იღებენ, რადგან ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა სკოლებში დიდი გამოწვევაა.

„გვინდა რომ გვქონდეს სკოლებთან ხშირი კომუნიკაცია და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ თუ რა ხდება კანონმდებლობაში. ჩვენი პასუხისმგებლობა რა არის, ჩვენი როლი რა არის ამ ყველაფერში და ასევე, ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ ჩართული არიან ამ სფეროში. სკოლას დღეს ძალიან დიდი როლი აკისრია, ბავშვების სოციალიზაცია, მათი განვითარება, გაზრდა. რაც შეეხება კონკრეტულად ნაადრევ ქორწინებას, სკოლა ბავშვებისთვის უნდა იყოს ისეთი ადგილი სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს და იქედან გაქცევას არ ეცდება. დღეს, ვინც ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლია, ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ სკოლამ მათ ვერ მისცა განათლება, შესაბამისი იმედი და რესურსი და ამის გამო ეს ბავშვები იექდან გაქცევაზე ფიქრობენ, ამის გამოსავალად კი გათხოვებას ხედავენ. სწორედ ამიტომ, სკოლა უნდა იყოს ყველა ახალგაზრდისათვის ადგილი, სადაც ისინი კარგად იგრძნობენ თავს და ექნებათ განვითარების სურვილი“. - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელზა ბერიძე. ელზა ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ისეთ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც გოგოების უფლებების შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან.

„ადრე ამ საკითხებზე ბევრი შეხვედრა არ ტარდებოდა და ადრეულ ასაკში ქორწინების ბევრი შემთხვევა იყო. მომწონს, რომ ესეთი შემთხვევები ტარდება, რადგან ბევრ მასწავლებელს მოუყოლია ისტორია, რომ ბევრჯერ მივსულვართ მოსწავლის სახლში, მაგრამ მოსწავლე ვერ გადავარჩინეთ გათხოვებასო. ბევრჯერ მასწავლებელს მოუყოლია, რომ მოსწავლეები სახლშიც ჰყოლიათ შეფარებული რომ ადრეულ ასაკში არ გაეთხოვებინათ. ამ ისტორიების მოსმენისას ყოველთვის მწყდებოდა გული. ახლა უფრო კარგი მდგომარეობაა ჩვენს სოფელში და სკოლაშიც, უკვე ყველამ იცის თუ რამდენად ცუდია ადრეულ ასაკში ქორწინება და ეს ძალიან მიხარია“. - აცხადებს ელზა ბერიძე

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები