პოეტი, პუბლიცისტი, თარჯიმანი, საზოგადოებრივი მოღვაწე რაფიგ ჰუმმეთი
საერთაშორისო დედაენის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო ინტეგრაციის
სფეროში გაწეული სამსახურისთვის დააჯილდოვეს.
დაჯილდოვების ცერემონია, 21 თებერვალს, საერთაშორისო დედაენის დღეს
გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის
კომისიის და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით და საკრებულოს
ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.
რაფიგ ჰუმმეთი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დედაენის
განვითარება ყველა პირის ვალია და
ყველამ უნდა იზრუნოს თავის
დედაენაზე.
„მიუხედავად ეროვნული წარმოშობისა და იმისა თუ რომელ
ქვეყანაში ცხოვრობ, ყველას ვალია დედაენის განვითარებას იზრუნოს.
როგორც ყველამ იცით მე ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი დედაენის -
მშობლიური აზერბაიჯანული ენის სწავლაში, განვითარებაში მაქვს
გატარებული. რამდენიმე გაზეთის რედაქტორი ვიყავი. ბოლო 20 წელიწადში
საქართველოში 50-მდე წიგნი გამოვაქვეყნე. მათგან 6 ორენოვანი -
აზერბაიჯანული და ქართულენოვანია. დიდი ალბათობით დაჯილდოვების
კომისიას ამაზე ინფორმაცია ჰქონდა. საერთაშორისო დედაენის დღესთან
დაკავშირებით სხვადასხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად მეც
დამაჯილდოვეს. ჯილდოს ცუდი და კარგი არ აქვს. ჩემი სახელის ამ სიაში
ყოფნა ვთვლი რომ მთლიანობაში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელბის
დაფასებაა“.
აღსანიშნავია რომ საერთაშორისო დედაენის დღესთან დაკავშირებით რაფიგ
ჰუმმეთთან ერთად გივი შაჰნაზარი, გურამ ბათიაშვილი, მზია ეთგურ,
ნატალია ტროხიმი, ნაირა მარშანია, ვან ბაიბურტი, ნინო პოპიაშვილი,
რაზიათ კუმარიტოვი, ლარისა ნამთალაშვილი,ევგენია კოტანიდისი, როსტომ
ფარეულიძე, მზია კობერიძე, დიმიტრი თეიმურაზიანი და ზაირა
დავარაშვილიც დაჯილდოვდა.
„ქართველების შემდეგ ამ ქვეყანაში მცხოვრები სიდიდით
მეორე საზოგადოება ვართ. ჩვენ კარგი საზოგადოება ვართ. ჩვენ ერთგულად
ვემსახურეთ ამ ქვეყანას ჩვენი ინტელექტუალებით, ჩვენი გმირებით, ჩვენი
ლიდერებით და ჩვენს სისხლში ღალატი არ არის. გმირები გვყავდა
აფხაზეთში, მძიმე დაზარალებულები გვყავდა სამოჩაბლოს ბრძოლების დროს.
მეც ვცდილობდი ჩემს სფეროში მაქსიმუმი გამეკეთებინა. უსასყიდლოდ
ვთარგმნე ათზე მეტი ქართველი პოეტისა და მწერლის შემოქმედება
აზერბაიჯანულად. ვთარგმნე და დავბეჭდე უფასოდ. ბევრი ჩვენი ავტორის
ნათარგმნი ნაწარმოებები მაქვს რედაქტირებული და გამოსაცემად
მოვამზადე“.
რაფიქ ჰუმმეთი დაიბადა 1965 წლის 13 თებერვალს ბოლნისის რაიონის სოფელ
დარვაზში. საშუალო განათლება სოფელ დარვაზში მიიღო, უმაღლესი კი
თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
რაფიკ ჰუმმეთი მუშაობდა მრავალი პრესის ორგანიზაციაში და რედაქტორობდა
ოთხ სხვადასხვა გაზეთს. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის
ღირსების ორდენით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა კულტურის
ცენტრ „ვარლიგის“ და საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის
დირექტორად. ჰუმეტი არის კულტურის ცენტრ ვარლიგის თავმჯდომარე,
ყოველკვირეული გაზეთის "ვარლიგ"-ის მთავარი რედაქტორი. არის რამდენიმე
წიგნის ავტორი, მათ შორის: „გამარჯობა, სამყაროს მფლობელი...“,
„სიტყვა ქარს“, „უკვდავები“. მისი მრავალი ნამუშევარია ქართულ, რუსულ,
უზბეკურ, ინგლისურ, თურქულ და სხვა ენებზეა გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ დედაენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
გამართული ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი
ტყემალაძემ გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს დედაენის საერთაშორისო
დღე მიულოცა. მან მშობლიური ენის დაცვისა და განვითარების
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
21 თებერვალი მთელ მსოფლიოში აღინიშნება დედაენის საერთაშორისო დღედ.
1999 წლის ნოემბერში იუნესკომ ბანგლადეშის ელჩის ინიციატივით 21
თებერვალი დედა ენის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
დედა ენის საერთაშორისო დღე აღნიშნავს ოთხი სტუდენტის მკვლელობას,
რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ მათი მშობლიური ენა ყოფილიყო
ოფიციალური ენა, 1952 წლის 21 თებერვალს ბენგალში, ბანგლადეშში.