მარნეულის მერის ოფიციალურ გვერდზე რუსულ კანონის შესახებ პოსტი გამოქვეყნდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონის შემდეგ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა პოსტი, სადაც წერს, რომ კანონი ქართულია და საქართველოს ევროკავშირში ღირსებით შესვლას ემსახურება.


“უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო თავისი უძველესი ისტორიით და უახლოესი წარსულით ევროპის ნაწილია. გამჭვირვალობა არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებიდან გადახვევად. ქართული კანონი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს ევროკავშირში ღირსებით შესვლას
ემსახურება.
სწორედ, მეტი გამჭვირვალობაა ევროპული!”
- წერია კენან ომაროვის გვერდზე.

მერის ამ პოსტს კრიტიკული რეაქციები აქვს ქვემო ქართლის აქტივისტების მხრიდან, ომაროვის განცხადებას კი აქტიურად აზიარებენ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები.

აგენტების კანონი საქართველოს პარლამენტმა 13 მაისს მიიღო. მას მხარი დაუჭირა ქვემო ქართლის დეპუტატებმა. მხარდამჭერების სიაშია მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, გარდაბნის დეპუტატი სავალან მირზოევი.

კანონის მიღების პარალელურად საპროტესტო აქციები არ შემწყდარა საქართველოს პარლამენტთან. კანონის მიღებას არ ეთანხმებიან ევროპარლამენტარებიც და აღნიშნავენ, რომ ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროინტეგრაციასთან.

საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს 3 არგუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან.

არგუმენტი N1:
ეს კანონი არაა გამჭვირვალობის და შავი ფულის გაჩერების, იმიტომ რომ გამჭვირვალობის მექანიზმები ისედაც არსებობს და გამჭვირვალობა კიდე თავისთავად შავ ფულს არ აჩერებს. თან შავი ფულის კონტროლის და შეჩერების სხვა მექანიზმებიც აქვს სახელმწიფოს და ტრაკის თამაშია ამ არგუმენტების მოყვანა. აქვე გაგახსენებთ, რომ კანონის საჭიროების არანაირი დასაბუთება არ ყოფილა. არ ყოფილა რაიმე სტატისტიკა, ან რაიმე გენერალური კვლევა, რითიც დადასტურდებოდა, რომ აუცილებელია ეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი. ეს კანონი არის მედიის და სამოქალაქო სექტორის კონტროლის, უფრო სწორად მათზე ზეწოლის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. თან უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებს უწოდებ, სტიგმატიზირებას მოახდენ და თან როცა გინდა, მაშინ რომ შეამოწმებ, აი ასეთი კანონია. სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა კი დიქტატურისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ეს კიდევ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

არგუმენტი N2:ანონპროექტის ტექსტს, მის რუსულობას თუ ამერიკულობას რომ თავი დავანებოთ, აქ დიდი პრობლემა ისაა, თუ როგორ აისახა ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობასა და დასავლური ინტეგრაციის პროცესზე. ევროპარლამენტის რეზოლუციას, სენატორების წერილს და მსგავს დოკუმენტებს რომ არ მივაქციოთ ყურადღება (რაზეც ოცნება ამბობს, რომ მაგ ყველაფერს არანაირი ძალა აქვს), რას ვუშვრებით აღმასრულებელი ხელისუფლების და საგარეო საქმეთა მინისტრების, პრემიერ მინისტრების თუ კანცლერების ნათქვამებს? თან მხოლოდ ერთხელ კი არ თქვეს და მერე მიიღეს ჩვენი ხელისუფლების არგუმენტები? რამდენჯერმე გაგვიმეორეს სხვადასხვა ტრიბუნიდან და სხვადასხვა ფორმით. გვითხრეს, რომ ამ კანონის მიღება შეაჩერებს ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას და პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი კი არა, დამღუპველია. ეროვნულ ინტერესებში ეროვნულ ტრადიციებს და ქართველი კაცების ტრაკის დაცვას ნუ მოიაზრებთ, ოღონდ. ტერმინია ასეთი და დასერჩეთ, თუ არ იცით.

არგუმენტი N3: ეს უბრალოდ მოდიქტატურო კანონი, ან დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ამბავი რომ ყოფილიყო, აქ შეიძლებოდა კიდე კამათი. ანუ, რაც აქამდე დავწერე, ყველაფერზე შეიძლება შემოდავება, იდეაში. შეიძლება დიდ პოლიტიკურ თამაშზე ილაპარაკო, ან რეალური სუვერენიტეტის დემონსტრირებაზე და დამოუკიდებელი თამაშის თამაშზე. შეიძლება უამრავი მსგავსი არგუმენტი (სულელური, მაგრამ მაინც არგუმენტი) თქვა, მაგრამ როცა საზოგადოებაში დაპირპისპირების გაჩენას ასეთი ძალით უწყობ ხელს, როცა პოლიციელებს ქუჩაში აცემინებ ხალხს, როცა ასე ლანძღავ და უმოწყალოდ უსწორდები ახალგაზრდებს, აქ უკვე არაფრის თქმა არ შეიძლება. ამ დანაშაულს აღარაფერი გადაწონის და მაგ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა ოცნების ლიდერშიფი. ასე არ შეიძლება მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდებს. ეს ძლივს შეყვარებული პოლიცია შეგვაზიზღეს თავიდან. ძალოვნების რწმენა დაგვიკარგეს და უკვე გვეშინია მაგათი. აი ეს მოიტანა ამ მაიმუნურმა გამჭვირვალობის კანონმა. ოჯახის წევრები და მეგობრები დააპირისპირა ერთმანეთს. ხალხი და პოლიცია გადაამტერა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები