"უნდოდათ კარგი, მაგრამ" ... - რას (არ) ითვალისწინებს პედაგოგთა ახალი სახელფასო სქემა
ბრძოლა საათებისთვის - ეს შედეგი მიიღეს პედაგოგებმა ახალი სახელფასო სქემის მიხედვით, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლის სტატუსის მქონე ყველა პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა როგორც ირკვევა, ანაზღაურებამ მოიმატა საათობრივი განაკვეთის მიხედვით და არა პედაგოგთა სტატუსით, როგორც ეს წინა წლებში იყო განსაზღვრული.

საჯარო სკოლებში მასწავლებლებისათვის თავიანთი კომპეტენციების მიხედვით, ოთხი კატეგორია არსებობს:
პრაქტიკოსები, უფროსები, წამყვანები, და მენტორები.

დანამატიც სწორედ სტატუსების მიხედვით გაიცემოდა.
  • უფროსი მასწავლებლებისთვის: 797
  • წამყვანი მასწავლებლებისთვის:1175
  • მენტორი მასწავლებლებისათვის 1475
ახლა ამ რაოდენობის დანამატები გაუქმებულია და ანაზღაურების მეტი ნაწილი გამოითვლება საათობრივი დატვირთვის მიხედვით. პედაგოგები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მასწავლებლებში არათანაბარ პირობებს და კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის. თემურ სუყაშვილი მარნეულში მომუშავე პედაგოგია. მენტორის სტატუსი აქვს, თუმცა ანაზღაურების ახალი მეთოდით, ხელფასი არა თუ მოემატა, არამედ დააკლდა.

“მე ნებისმიერი ჩემი კოლეგის ხელფასის ზრდა მიხარია და არანაირად არ მშურს. პირიქით, მასწავლებელთა შრომა უნდა იყოს დაფასებული და არ აქვს მნიშვნელობა მის სტატუსს. იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც იყოჩაღეს, სტატუსი მიიღეს და შესაბამისად ჰქონდათ ანაზღაურება მაღალი დანამატის სახით. ამ ახალმა ფორმულამ გაზარდა საათობრივი ანაზღაურების ფასი და მასწავლებლის ხელფასი მიაბა პირდაპირ მის დატვირთვას, რაც უფრო მაღალი დატვირთვა გექნება მასწავლებელს, მით უფრო მაღალ ხელფასს მიიღებ განურჩევლად სტატუსისა. ვიცი პედაგოგები, რომლებსაც ჰქონდათ 25 საათის დატვირთვა, შესაბამისად მათი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა . პირველი რაც მე დავინახე, ძალიან დაიჩაგრნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები, რადგან დაწყებით საფეხურზე მათ აქვთ საათების ჩატარების ლიმიტირებული რაოდენობის უფლება. დაახლოებით 13-14 საათს უდრის. შესაბამისად სხვა საათები რომელსაც აიღებენ ის არ აუნაზღაურდებათ გაზრდილი სახელფასო პოლიტიკის ფორმულით. ასევე მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლები, პირადად მე, დამაკლდა ხელფასი წინა წლის ანაზღაურებით და შემდეგ მოიფიქრა განათლების სამინისტრომ რომ 200 ლარიანი დანამატი გაეკეთებინა, ესეც არ არის მუდმივი, არის ორწლიანი.“ - ამბობს თემურ სუყაშვილი.

მარნეულის მასშტაბით ახალი სახელფასო სქემა 2500-მდე პედაგოგს შეეხო. სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში იბრძოდა სოფელ ხანჯიგაზლოს ქართული ენის მასწავლებელი, მაიკო კვენიაშილი. ამბობს, რომ სკოლებში საათებზე ბრძოლა ყოველთვის იყო, მდგომარეობა ახლა უფრო გაუარესდება და შედეგად მივიღებთ კონფლიქტურ გარემოს, რაც მასწავლებელთა პროფესიას აკნინებს.

“ახალ სახელფასო ფორმულას ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. უკმაყოფილებას არ გამოვხატავ პირად მაგალითზე, ზოგადად, ნამდვილად არაფერია მოსაწონი იმაში, რომ ჩემს კოლეგებს მომატების ნაცვლად დააკლდათ ხელფასები და დაწყებითი კლასების პედაგოგები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებული ახალ ფორმულაში. ჩემი აზრით, 15 საათზე უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი ანაზღაურება და აღარ იქნებოდა მსგავსი უსამართლო, ქაოსური მდგომარეობა. რაც მოგვცემდა ხარისხიან განათლებას და ასევე, ახალგაზრდა კადრს ექნებოდა სკოლაში შემოსვლის საშუალება. ახლა, ამ პირობებში, ეს შეუძლია. რაც შეეხება ე.წ " ფუნქციურ დანამატს" , ესეც ძალიან არასწორია. ჩვენ, ვინც სტატუსი ავიმაღლეთ, დავაშავეთ? გამოცდების ჩაბარება და განვითარებაზე ზრუნვა თუ დანაშაული იყო, არ ვიცოდი”

ხელფასის მატებით პირადი გამოცდილების მაგალითზე კმაყოფილია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგნის უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგი, თამარ მანუჩარაშვილი, თუმცა თვლის, რომ ახალი ახალი სახელფასო სქემა მისი სხვა კოლეგების ფონზე, რომელთაც უფრო მაღალი სტატუსი აქვთ, არათანაბარ მიდგომას იწვევს. 

“დაანონსებულ ხელფასების მატებას რამდენიმე თვეა მოუთმენლად ველოდები. გულწრფელად გითხრათ ,ძალიან კმაყოფილი ვარ. გულდასაწყვეტია ის ფაქტი,რომ ჩემს მეგობარ კოლეგებს ,რომლებიც წამყვანები ან მენტორები არიან ასეთი მკვეთრი ზრდა არ აქვთ. ხშირად მეკითხებიან, სტატუსი შემინარჩუნდა თუ არა,დიახ. ხელფასების ზრდა განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორით, სტაჟი, სტატუსი, საგნობრივი ჯგუფი. ვფიქრობ,მასწავლებლობა იმდენად შრომატევადი საქმეა და იმდენი რამ დგას ჩვენზე,იმდენ ენერგიას დებს თითოეული ჩემი კოლეგა ამ საოცარ საქმეში კიდევ ბევრს იმსახურებენ.” - თქვა თამარ მანუჩარაშვილმა.

თემურ სუყაშვილი გვიყვება, რომ პედაგოგებს, გარდა ფორმალური განათლებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ არაფორმალურ განათლებაში, თუმცა ახალი სახელფასო პოლიტიკა, დემოტივაციის შემომტანი იქნება.

„ ბევრი კოლეგა ვიცი, რომლებიც მართლა ბევრს მუშაობდნენ სკოლაში გარდა საგაკვეთილო ფორმატისა, დღეს კი ეს კატეგორია მასწავლებლებისა არის სრულიად დემოტივირებული. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს დაენახა, შეეფასებინა არა მხოლოდ ფორმალური სწავლება მასწავლებლის სკოლაში, არამედ არაფორმალური საქმიანობაც და შემოეტანა დამატებითი წახალისების მექანიზმები, ამის ნაცვლად სრულად საპირისპირო მივიღეთ. კიდევ ერთი ელემენტი რაც შემოვიდა, არის მასწავლებლებს შორის დაპირისპირების მცდელობა. აქამდე თუ მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლები ნაკლებად იტვირთებოდნენ სკოლაში, ვინაიდან მათი ანაზღაურება არ იყო მიბმული საათობრივ ბადეს, დღეს უკვე ისინი ჩვეულებრივ შევლენ კონკურენციაში რაც გამოიწვევს იმ მასწავლებლების საათების შემცირებას, ვისაც ხელფასი გაეზარდა ამ მოცემულობით. მაგრამ სექტემბერში როცა ახალი გადანაწილება მოხდება საათების, აღმოჩნდება, რომ მაგალითად ყველა მასწავლებელმა პირობითად ავიღოთ საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა, მოითხოვა პროპორციული საათები, მაგალითად ყველას ჰქონდეს 18-18 საათი და მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა 25 საათი, აღარ ექნება და მისი მატებ ა აღარ იქნება ისეთი შთამბეჭდავი როგორც გამოჩნდა. რომ გასული სასწავლო წლის ბოლო სამი თვის მიხედვით გამოითვალა, სექტემბერში რა იქნება არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, უნდოდათ კარგი, მაგრამ გამოუვიდათ ცუდი და ამის აღიარება უნდა მოხდეს“

ახლი სახელფასო სქემა სიახლეებს არ ითვალისწინებს პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, მათი ანაზღაურება კვლავ ძველი სახელფასო სქემით არის გაწერილი. რაც შეეხება ახალ ფორმულაში 1 საათის საფასურს, მისი ღირებულება 100 - ლარამდეა. რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი საათი, მეტი ანაზღაურებაა. ხელფასი ასევე დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები