„კერა“ - ახალი საინიციატივო ჯგუფი მარნეულში სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობაზე იმუშავებს
„მწვანე განვითარების ჯგუფი - კერა“ მარნეულის მოსახლეობის სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის პროექტის განხორციელებას იწყებს. საინიციატივო ჯგუფი მარნეულის სამ სოფელში, მარადისში, წითელსოფელსა და თაქალოში მოსახლეობასთან ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, გამართავს დისკუსიებს მარნეულის მერიას, მელიორაციასა და მოსახლეობას შორის და მოამზადებს საინფორმაციო მასალებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია თუ ვის მიმართოს, როდესაც სარწყავი წყლის პრობლემა შეექმნება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების ერთ-ერთი მწვავე პრობლემა სარწყავ
წყალზე ხელმისაწვდომობაა. სოფელ მარადისის, წითელსოფილსა და თაქალოს მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სექტორში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა ჩვენი საინიციატივო ჯგუფი.
სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდება არასტაბილურია, რაც ხშირად იწვევს მოსავლის დაკარგავს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს. შეზღუდული სარწყავი რესურსები ასევე იწვევს კონფლიქტებს თემის წევრებს შორის“
- აღნიშნულია „მწვანე განვითარების ჯგუფი - კერა“-ს განცხადებაში

„მწვანე განვითარების ჯგუფი - კერა“ აერთიანებს მარნეულელ ფერმერებს, სოფლის მოსახლეობას, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებს. სოფელ თაქალოში, მარადისსა და წითელსოფელში სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის ჯგუფმა პროექტის განხორციელება გადაწყვიტა.

„მწვანე განვითარების ჯგუფი - კერა“ მარნეულში პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli“-ს ფარგლებში შეიქმნა. პროექტი 2020 წელს დაიწყო და მას ახორციელებს CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით და ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პოპულარიზების გზით.

CENN-ის წარმომადგენელი მარიკო წიქორიძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებიდან შეიქმნა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელიც 17 წევრისაგან დაკომპლექტდა.

„პროექტის ბოლოს აქტუალური გახდა მრავალაქტორული ჯგუფის ცალკე სამოქალაქო ორგანიზაციად ჩამოყალიბება. იდეა თავად მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფის წევრებისგან წამოვიდა და ჩვენ ბუნებრივია, მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი. დავეხმარეთ ორგანიზაციული სტრუქტურისა და წესდების ჩამოყალიბებაში, ერთობლივად ვიმსჯელეთ ორგანიზაციის მისიასა და საქმიანობების მიმართულებებზე, ვიმსჯელეთ არეალზე, სახელსა და ლოგოზე. ბოლოს კი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, როგორც ,,მწვანე განვითარების ჯგუფი -კერა" .
წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ დღეს ,,მწვანე განვითარების ჯგუფი -კერამ" მიიღო პირველი გრანტი რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, როგორც HEKS-EPER-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტისთვის ,,კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა -PRAiSE MARNEUlI", პროექტის შედეგებისთვის, ისე თავად პროექტის მრავალაქტორული ჯგუფისთვის."
- აღნიშნავს მარიკო წიქორიძე

„კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli“-ს ფარგლებში შექმნილი მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის ძირითადი ფუნქციებია გარემოსადმი მეგობრული, კლიმატისადმი გამძლე სოფლის მეურნეობის საკითხებზე, საჭიროებათა კვლევაში და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა; მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირებაში ჩართულობა; პროექტის საგრანტო კონკურსისთვის საზოგადოების მობილიზაციაში, საგრანტო პროექტების შერჩევასა და მათ მონიტორინგში ჩართულობა; პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის საზოგადოების მობილიზაციაში ჩართულობა და სხვა.

ფოტო: სარწყავი წყლის არქონის გამო ეროზირებული მიწის ნაკვეთი სოფელ მარადისში 
რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები