მერია და მთავრობა არ განმარტავს თუ რატომ ვერ მიიღო მარნეულმა დახმარება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი 104 877 000 ლარიდან მარნეული 0 ლარს მიიღებს. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 ივლისის განკარგულების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სმინისტროს დაევალა 2024 წლის ბიუჯეტის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოს 104 877 000 ლარი, რომელიც 45 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება.

რადიო „მარნეული“ შეეცადა საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციაში გაერკვია, თუ რატომ არ გამოყო მთავრობამ დახმარება მარნეულისათვის მაშინ, როდესაც გასული თვეების განმავლობაში მარნეულში რამდენიმე სტიქიური მოვლენა მოხდა, რამაც ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის პროექტირებისათვის საჭირო პროცედურები, პროექტირების დასრულების შემდეგ მოხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები“. - მოგვწერეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ „რა სიახლეებიც იქნება და რაც გაკეთდება, ყველა მედიასთან ერთად გააკეთებენ კომენტარს“. მერიაში უპასუხოდ დატოვეს ჩვენი კითხვები, თუ რატომ ვერ მიიღო მარნეულმა დახმარება საქართველოს მთავრობისაგან და აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს საკმარისი ფინანსური რესურსი თავად გაუმკლავდეს სტიქიით მიღებული ზიანის აღმოფხვრას.

ქვემო ქართლიდან საქართველოს მთავრობის დახმარება ორმა მუნიციპალიტეტმა, ბოლნისმა და წალკამ, მიიღო. წალკის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ 1 270 000 ლარი გამოუყო.

„მარნეულში ხომ გყავთ მერია, იმას დაურეკეთ კაცო“. - ეს იყო წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის კომენტარი, როდესაც გაიგო, რომ რადიო „მარნეულიდან“ ვუკავშირდებოდით. მას შემდეგ საბაძემ ჩვენს ზარს აღარ უპასუხა.

ბოლნისის მერიამ მთავრობისაგან 700 000 ლარი მიიღო. ბოლნისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას მხოლოდ ოფიციალური წერილით მიმართვის შემდეგ შევძლებთ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12