ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში დადანაშაულება და ქსენოფობიური განცხადება - რა ხდება მარნეულის საკრებულოში
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რამალ ახმედოვი ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა. დღეს, 25 ივლისს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ რამალ ახმედოვმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს კანდიდატი, რომელსაც ქართული გვარი აქვს და ეთნიკურად სომეხია. გიორგაძის განმარტებით, ახმედოვის ეს განცხადება ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.

„წარმოიდგინეთ, პირდაპირ ლაპარაკობს ამას, ეროვნებით სომეხი, ქართული გვარით კანდიდატი გვყოლია - არ ვიცი მაგან საიდან მოიტანა აქ ეს ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით არანაირ კანდიდატურაზე არ გვქონია საუბარი და არც არსებობს ასეთი რამე. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ის ეხება პირდაპირ ეთნიკურ თემას და ეთნიკურად აზერბაიჯანელს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ეროვნებით სომეხი და ქართული გვარით კანდიდატი და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამას ხმა არ უნდა მიცეთო და იქ ეთანხმებიან მოსახლეობა და ბავშვებიც არიან და ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, ხმას არ მივცემთო. როგორ შეიძლება ჩვენს მუნიციპალიტეტში ასეთი თემის წამოწევა და ასეთ საკითხზე საუბარი. ეს არის პირდაპირ ეთნიკური შუღლის გაღვივება“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს რამალ ახმედოვს საკრებულოს სხდომაზე მანამ, სანამ ახმედოვი საკუთარი განცხადების გამო ბოდიშს არ მოიხდის.


რამალ ახმედოვი დღეს, 25 ივლისს, გამართულ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა. რადიო „მარნეულს“ ახმედოვმა უთხრა, რომ ის მარნეულში არ იმყოფებოდა.

პირველ რიგში, მე ნაციონალისტი არ ვარ. მარნეულში ცხოვრობენ სომხები, მარნეულში ცხოვრობენ ჩვენი ძმები ქართველები, მარნეულში ცხოვრობენ ჩვენი ძმები სვანები. ყველა ნაციონალობას პატივს ვცემ და ვაფასებ. ისინი ყველა ჩვენი ძმები არიან, არ აქვს მნიშვნელობა ისინი სომხები არიან, თუ ა.შ. მე უბრალოდ ვთქვი, რომ არის ასეთი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება კანდიდატად ასახელებს ვიღაცას ქართული გვარით, რომელიც ეთნიკურად სომეხია. თორემ, მე ნაციონალისტი არ ვარ. პატივს ვცემ სომხებსაც, ჩვენს ძმა ქართველებსაც - ყველა ჩვენი ძმაა. მე უბრალოდ ვთქვი ეს“. - განაცხადა რამალ ახმედოვმა

რამალ ახმედოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ მისი განცხადებით ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა, ის ბოდიშს იხდის.

„მე ბოდიშს ვიხდი, თუ ჩვენი ძმები სომხები ან სხვა ვინმე განაწყენდა. მე ბოდიშს ვიხდი, ამის პრობლემა არ მაქვს“ - განაცხადა რამალ ახმედოვმა

მარნეულის საკრებულოს წევრმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რამალ ახმედოვმა 9 ივლისს ქალაქ მარნეულში ახუნდოვის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას ქსენოფობიური განცხადება გააკეთა და ადგილობრივებს უთხრა, რომ ქართულ ოცნებას მათ დეპუტატად „ქართული გვარის მქონე სომხის დასმა“ უნდა.

„ჩემო ძვირფასებო, მეორე ინფორმაციასაც გაგიზიარებთ და იცოდეთ, ახლა უნდათ რომ ქართული გვარის მქონე სომეხი აირჩიონ კანდიდატად. ახლა ამ ხალხისგან დააგროვებენ ხმას სომხისთვის. თანახმა ხართ, ხალხო? ქართული გვარის მქონე სომხის ჩვენს თავზე დასმა უნდათ დეპუტატად“. - განაცხადა რამალ ახმედოვმა მოსახლეობასთან შეხვედრისას

მარნეულის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 9 ივლისს ახუნდოვის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ქუჩაზე არსებული სასმელი წყლის პრობლემაზე, გზის არარსებობასა და ნარჩენების პრობლემაზე საუბრობდა. ახმედოვი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში საუბრობდა, რა დროსაც მან ეთნიკურად სომეხი თემის მიმართ დისკრიმინაციული და ქსენოფობიური განცხადება გაავრცელა.

ფოტო: მარნეულის საკრბეულო

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები