პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი - რა უნდა იცოდეთ საარჩევნო სისტემაში შესულ ცვლილებებზე
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება - პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით. პროპორციული წესით არჩევნების გამართვის დროს მოქალაქე არჩევნებზე მხოლოდ ერთ ბიულეტენს შემოხაზავს და ხმას მისთვის სასურველ კანდიდატს მისცემს. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წელს, შერეული სისტემით, გაიმართა და ამომრჩეველმა არჩევანი ორი ბიულეტენის შემოხაზვით დააფიქსირა - ერთი ბიულეტენი მაჟორიტარული ოლქისათვის, ხოლო მეორე პროპორციული.

მარნეული, ისევე როგორც საქართველოს სხვა ოლქები, მაჟორიტარულ სისტემას არის მიჩვეული, რადგან არჩევნებზე გვყავდა მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ. მარნეულელი ამომრჩეველი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ კანდიდატებს პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლებად ხედავდა, შესაბამისად არჩევნები პერსონიფიცირებული იყო და პოლიტიკური პარტიები, მაჟორიტარების გავლენებითა და დახმარებით, უფრო აქტიურად მუშაობდნენ მუნიციპალიტეტში. წინასაარჩევნო აგიტაციაც კანდიდატის პერსონაზე იყო აგებული და ქალაქში კონკრეტული პირების სახეები ჩანდა პლაკატებზე. სოფლებში შეხვედრებზე კონკრეტული კანდიდატები მიდიოდნენ და გამოკითხვისას მოსახლეობა ამბობდა, რომ ხმას კონკრეტულ კანდიდატს აძლევდა და არა პარტიას, რომელსაც ის წარმოადგენდა.

მარნეულში წინასაარჩევნო პროცესი ოფიციალურად არ დაწყებულა, არ ჩანს საარჩევნო პლაკატები, არ გამართულა შეხვედრები სოფლებში და შესაბამისად არ იციან, ეყოლებათ თუ არა ადგილობრივი წარმომადგენელი შემდეგი მოწვევის პარლამენტში - როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა.
მარნეულის მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია რომ ოქტომბრის არჩევნები ახალი ფორმატით ჩატარდება.

რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა?


ამ სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. პროპორციული საარჩევნო სისტემის ვერსიები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, თუ როგორი წესით აძლევს ხმას ამომრჩეველი და როგორი წესით ნაწილდება მანდატები პარტიებს შორის; მთელი ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად.
საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და მოქალაქეები ხმას მისცემენ მათთვის სასურველ პარტიებს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ავკარგიანობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმ საზოგადოებაზე, სადაც არჩევნები ტარდება.

„პროპორციული სისტემის დროს ამომრჩევლები ხმას აძლევენ პარტიას. საქართველოში არსებული პროპორციული სისტემის პირობებში ადამიანები თითქმის არ იცნობენ ვინ არიან სიაში, ისინი ხმას აძლევენ პარტიას, სინამდვილეში ხმას აძლევენ ლიდერს, ლიდერი მერე აკომპლექტებს პარტიას, ანუ სიას და ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვიღებთ პარლამენტს, როდესაც ადამიანები, ვინც არიან პარლამენტში შესული, ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ არა ამომრჩევლის წინაშე, არამედ საკუთარი პარტიის ლიდერის წინაშე, რომელმაც ის სიაში შეიყვანა და რომლის წინაშეც ისინი ანგარიშვალდებულები არიან, რომ მომავალ არჩევნებზეც სიაში მოხვდნენ“.

მელაშვილის განმარტებით, ყოველთვის საკამათოა, თუ რომელი სისტემა არის უკეთესი. თავად პროპორციულ სისტემას ანიჭებს უპირატესობას და აცხადებს, რომ ადამიანებმა, ამომრჩევლებმა, სიები თავად უნდა დააკომპლექტონ.


რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამოქალაქო აქტივისტი ნაშირ ორდუხანოვი განმარტავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მიუხედავად პროპორციული სისტემისა, წინასაარჩევნო აგიტაცია კვლავ მაჟორიტარული სისტემის მსგავსად გაიმართება - კონკრეტული პირები ჩავლენ რეგიონებში და მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვენ.

„რამდენიმე პარტია არის რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს და ამ პარტიის სიებში ვინც მოხვდებიან ჩვენი რეგიონებიდან, თუნდაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ეს ადამიანები მოვლენ მარნეულში, ბოლნისში, დმანისში და ა.შ. და ისაუბრებს მაჟორიტარისავით. მაგალითად, ეტყვიან ხალხს მიეცი ხმა „ენმ“-ს და მე გავხდები პარლამენტის წევრიო, მათ თუ მისცემ ხმას, ესე იგი მე მაძლევ ხმასო. შესაბამისად, ასეთი იქნება წინასაარჩევნო კამპანია და მათი ამომრჩევლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იცოდნენ, რომ მაჟორიტარული სისტემის დროს ერთ კონკრეტულ კანდიდატს აძლევენ ხმას და ახლაც ასე იქნება, ხმას მიცემენ ერთ კონკრეტულ პირს, მაგრამ შემოხაზვით მოუწევთ პარტიის შემოხაზვა“.

ორდუხანოვის განმარტებით, მოქალაქეები მხარს კვლავ ფიზიკურ პირებს დაუჭერენ და არა პოლიტიკურ პარტიებს, რადგან მათთან აგიტაციას სწორედ ის პირები ჩაატარებენ, ვინც პარტიულ სიებში მოწინავე ადგილს დაიკავებენ.

„ისინი კვლავ მოირგებენ მაჟორიტარების როლს. მაგალითად, თუ ერთი კონკრეტული კანდიდატი მხოლოდ მარნეულში იმუშავებს ამომრჩეველთან და მათ მხარდაჭერას მოიპოვებს, ის იქნება ერთგვარი წარმომადგენელი ამ რეგიონის, სწორედ ისე, როგორც მაჟორიტარული სისტემის დროს იყო“. - აცხადებს ნაშირ ორდუხანოვი

რა არის მაჟორიტარული სისტემა?


მაჟორიტარული სისტემის დროს მოქალაქეები ხმას კონკრეტულ კანდიდატს აძლევენ. სისტემა ძირითადად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოიყენება. 2020 წელს საქართველოში 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის 73 წევრი მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.

მაგალითისათვის, 2020 წელს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში რამდენიმე კანდიდატი იყო დარეგისტრირებული და მარნეულელ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ორი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწია, პირველზე იყვნენ მაჟორიტარი კანიდიატები, ხოლო მეორეზე პარტიები.

მაჟორიტარული არჩევნების დადებითი მხარეა, რომ ამომრჩეველი ადვილად იგებს, თუ ვის აძლევს ხმას, რადგან მაჟორიტარი კონკრეტული პირი შეიძლება გახდეს.

მაჟორიტარული სისტემის უარყოფითი მხარე კი ხმების დაკარგვის მაღალი ალბათობაა - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისას, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%-ისა მიიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: ა). 21% ბ). 32% გ). 30% და დ). 17%; არჩევნებში გამარჯვებულად ბ). კანდიდატი დასახელდება, რომელმაც ხმების 32% მიიღო. ის პარლამენტში შევა, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის 68%-მა მას მხარი არ დაუჭირა.

„მაჟორიტარულ არჩევნებზე ადამიანები ხმას აძლევენ გარკვეულ ოლქში ერთ პიროვნებას და გამარჯვებული შედის პარლამენტში. აქ მინუსი ის არის, რომ აქ პარტიულობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დიდი გავლენა აქვს ადმინისტრაციულ რესურსს“. - აცხადებს პოლიტიკური ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი

საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა რომლის იმპლემენტაცია ამ არჩევნებზე მოხდება. მმართველმა პარტიამ პოლიტიკური სუბიექტებისთვის გადასალახო ბარიერი 5%-მდე აწია. რაც საქართველოს რეალობისთვის ხელისშემშლელია საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიული გარემოს შექმნისთვის.

რას ნიშნავს 5%-იანი ბარიერი


პროპორციული წესით არჩეული პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას მხოლოდ ის პოლიტიკური სუბიექტები შეძლებენ, ვინც არჩევნებში ხმების 5% მაინც მოიპოვა, დაახლოებით 100 000 ხმა.

ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ 5%-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალია საქართველოს პირობებში და 50 000 ხმაც, 3%-იანი ბარიერის გადალახვა, საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პარტია პარლამენტში მოხვდეს. განმარტავს, რომ მაღალი ბარიერი ძირითადად მმართველი პარტიის ინტერესებში შედის, რათა მათ სუსტ პარტიებთან საპარლამენტო ადგილებზე ვაჭრობა შეძლონ.


2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტი 150 პროპორციულად არჩეული დეპუტატისაგან დაკომპლექტდება. პარლამენტმა შემდგომში საქართველოს მთავრობა უნდა აირჩიოს. იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობა დააკომპლექტოს 76 დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო. შესაბამისად, იმისათვის რომ მთავრობა მხოლოდ ერთმა პარტიამ არ დააკომპლექტოს, საჭიროა, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა ან სუბიექტთა გაერთიანებამ 76 დეპუტატი არ შეიყვანოს პარტიაში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1