ნათია ოქროპირიძე 3 მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად 2008
წელს, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდგომ, მარნეულში,
დევნილის სტატუსით, გადმოვიდა საცხოვრებლად.
ნათია შეურაცხყოფილად გრძნობს თავს ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, 14
სექტემბერს, გაკეთებული განცხადების გამო, სადაც „ქართული ოცნების“
ლიდერმა განაცხადა, რომ
„ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით
საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების
შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის
ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ნათია პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ დისევში ცხოვრობდა. აცხადებს,
რომ ივანიშვილის განცხადება შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია ყველა
ქართველისათვის, განსაკუთრებით იმ დევნილებისათვის, რომლებმაც
საკუთარი ოჯახის წევრები და მშობლიური სახლები დაკარგეს.
„გორში გაკეთებული განცხადება ჩემთვის, პირველ რიგში
როგორც ქართველისთვის და თან დევნილისთვის, იყო შეურაცხმყოფელი.
ყოვრლთვის ვცდილობ ვიყო თავშეკავებული ხმამაღალი განცხადებების
გაკეთებაზე, მაგრამ ეს იყო კულმინაცია, რაზე გაჩუმება და თვალის
დახუჭვა ნამდვილად არ შეიძლება და ვერც შევძლებ.
აღშფოთებული ვარ ყველა იმ ადამიანზე, ვინც იქ იდგა და ტაშს უკრავდა,
განსაკუთრებით გორელებზე. არ ვიცი, უბრალოდ რამ უნდა აიძულოს ქართველი
შეურაცხყოფას აყენებდნენ და ტაშით რომ ხვდებოდნენ. გული მტკივა.
ძალიან მტკივა და თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს. რისთვის,
რისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში?
ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ ჩემ შვილებს მშობლიური კერა აღარ აქვთ?
განადგურებული სოფლისთვის და გადამწვარი სახლისთვის? ჩემი ოჯახის
წევრს ბენზინი რომ გადაასხეს და აწამებდნენ. ანთებულ ასანთს რომ
უტრიალებდნენ წინ, დაგწვავთო და კაცს გული გაუსკდა და გარდაგვეცვალა,
ამისთვის მოვიხადო ბოდიში? სამი პატარა ბავშვით ღია ცის ქვეს რომ
დავრჩი და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ვიქეცი, მაგისთვის? გამცეს
ბატონმა ივანიშვილმა პასუხი. ჩემი შვილების თავზე გადადიოდა ტყვიები
თუ მისი შვილების თავზე. სად იყო მაგ დროს, ასე კარგად რომ იცის ვინ
გაისროლა პირველი ტყვია და ვინ გაეხვია ცეცხლის ალში, ოსი ,,ძმები" თუ
ჩვენ. სირცხვილია!! კმარა ამდენი დამცირება“! -
აცხადებს ნათია ოქროპირიძე
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ 2008 წელს
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. დაღუპული
მეომრების ცოლები აღნიშნავენ, რომ ისინი მათი მეუღლეების
თავგანწირვისათვის ბოდიშს არ მოიხდიან.
რუსეთის რეგულარულ სამხედრო არმიას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე
იერიში 2008 წლის 7 აგვისტოს უკვე დაწყებული ჰქონდა. ომს 411
საქართველოს მოქალაქე შეეწირა. მათაგნ 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14
პოლიციელი, ხოლო 169 სამხედრო პირი იყო. ომის დროს დაიჭრა 1747
ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან
დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189
სოფელზე, მათგან 125 დღემდე ისევ საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
რადიო "მარნეული"