"ჩვენ რუკაზე არ ვარსებობთ?" - შულავერში მცხოვრები 50 ოჯახი გზის დაგების მოლოდინში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში (ყოფილი ნახალოვკა) ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ.

შულავერში მცხოვრები მანანა ცომაია გვიყვება, რომ მარნეულში 20 წლის წინ ჩამოვიდა, ამავე უბანზე ცხოვრობს და არაქართულენოვან სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. წლებია მოსახლეობას გზებზე გადაადგილება უჭირთ.
მასწავლებლის თქმით, ერთი კვირაა, რაც გზებზე ხრეში დაყარეს, თუმცა ტერიტორია მოუწესრიგებელი დატოვეს.

“ნახეთ, როგორ დატოვეს აქაურობა და წავიდნენ. ხომ არის დიდი თანხა გამოყოფილი გზებზე. რატომ არ უნდა გამოიყენონ ადამიანებისთვის და რატომ უნდა ვიყოთ მტვერში, ტალახში და უბედურებაში.. ორი დღე მუშაობდნენ ამ ქუჩაზე, ხრეში გაასწორეს თითქოს, მაგრამ ამა შეხედეთ გასწორებულს ჰგავს, როგორ აცაბაცადაა ყველაფერი. როგორც კი წვიმა წამოვა ისევ ჩამოიშლება ყველაფერი. ასე ცხოვრება როგორ შეიძლება. სოფელია, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები”


ასფალტის დაგებას მოითხოვენ ამავე უბნის სხვა მაცხოვრებლებიც. (50-მდე ოჯახი) მოსახლობა გვიყვება, რომ სიტუაცია წვიმის დროს კიდევ უფრო რთულდება. ვერ იძახებენ სასწრაფოს და სახანძროს, გადაადგილება ტალახსა და მტვერში უწევთ.

“ხრეში მოიტანეს და გადაყარეს. სახლში ავადმყოფი მყავს, არც მანქანა შემოდის და არც სასწრაფო. ხვალ რამე რომ მოუვიდეს ამ ადამიანს მანქანა როგორ შემოვა? ვითხოვ სახელმწიფოსგან გააკეთონ აქ გზა. მეუბნება იქ ვაკეთებთ აქ არაო, რა მიზეზით? სადაც გინდათ გაასაჩივრეთო. წავალთ მარნეულში, თბილისში და გავასაჩივრებთ. ჩვენ რუკაზე არ ვარსებობთ? ხალხს ეზოშიც დაუგეს ასფალტი, ჩვენი გზა ნახეთ რა დღეშია. ასე როგორ შეიძლება. გზები დააგონ, ჩვენც გვინდა კულტურულად ვიცხოვროთ და ვიაროთ ნორმალურ ასფალტზე” - ამბობს რენა სადიგოვა

“ვითხოვთ გზა გააკეთონ. რამე რომ იყოს, სასწრაფო, სახანძრო, არაფერი მოდის. არც ტაქსი არც არაფერი. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? ყველგან აკეთებენ ჩვენთან არა, 3 სახლია აქ მეტი არაფერი. მე შვილი მყავს 23 წლის და მის დაბადებიდან აქ ვცხოვრობ. რა ვაკეთო ამდენი ხანია ვწვალობ. რამდენჯერ მივედი სოფლის გამგებელთან მეუბნება რა გავაკეთოო. ტრაქტორები მოვიდნენ არ გააკეთეს. როდემდე ვიყო ასე შუა მთაზე. იქნება ღამეს ავად გვახდი, ბავშვი ავად გახდა რა უნდა ვქნა სასწრაფოც არ მოდის” - ამბობს სევდა ისმაილოვა.



რადიო “მარნეული” საკითხის გასარკვევად შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. მაჰირ მამედოვი გვარწმუნებს, რომ გზებზე ასფალტი აუცილებლად დაიგება, თუმცა კონკრეტულად როდის - უცნობია. მისივე თქმით ,
არის მონაკვეთი, სადაც ტექნიკა გზის საფარის გათვალისწინებით ვერ ადის და ასფალტის დაგება გათვალისწინებული არაა.

“აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტი დაიგება. გუშინ 4-5 ქალი იყვნენ აქ მოსული აღნიშნული ქუჩიდან. მათ უთხრეს რომ სადაც ხრეშია დაყრილი იქ გაკეთდება ასფალტი. ტექნიკა სხვა ქუჩაზე მუშაობს და იქ რომ დაასრულებს ამ ქუჩაზე გადავლენ. მათ მიერ მოთხოვნილ ქუჩებზე ყველგან იქნება ასფალტი. რამდენიმე დღეში დაიწყებენ მუშაობას. ცოტა მოთმინება უნდა. თქვენთან მიმართეს მაგრამ აქ რომ მოვიდნენ ვთქვით რომ ჯერ პროექტი მზადდება და ტექნიკა მუშაობს. გადაღებისასაც დაინახავდით ტექნიკას. ჩვენ მათთვის არაფერი არ გვითქვამს მხოლოდ ვუთხარით, რომ მოასფალტება გზა. ის მთაზე რომ ცხოვრობს (შემაღლებულ ადგილზე) იმ ქალის ქუჩაზე მუშაობს ახლა ტექნიკა. მაგის იქით ჯერ პროექტში არაა გათვალისწინებული, იმიტომ რომ ეს ქალი სადაც ცხოვრობს ძალიან მაღლაა და იქ ტექნიკა ჯერჯერობით ვერ ადის.” - ამბობს მერის წარმომადგენელი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფელ შულავერში(ყოფ.ნახალოვკის დასახლებაში) გზის რეაბილიტაციისათვის 450,000 ლარია გათვალისწინებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1