საზღვარგარეთის პასპორტები აიდი ბარათების ნაცვლად - ეს ერთ-ერთი
ხერხი იყო მარნეულში არჩევნების დღეს, რომლითაც ადამიანები სხვის
მაგივრად ცდილობდნენ ხმის მიცემას.
ამის არაერთი ფაქტი აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ პირები,
ვინც პასპორტებით მოდიოდნენ ჩაკრული ჰქონდათ სხვისი
მაიდენტიფიცირებელი პირადი ნომერი და ხმას „კარუსელის“ ფორმით
აძლევდნენ.
ხმის მიცემის გაყალბების სქემაში შემჩნეულია მარნეულისა და გარდაბნის
მაჟორიტარი დეპუტატის, ზაურ
დარგალის ძმის, მირზა დარგალის ვინაობის
დამადასტურებელი საბუთი. კერძოდ: მარნეულში, მე-22 ოლქში, მე-2 უბანში
მოქალაქე ემინ ქერიმოვი ხმას აძლევს ზაურ დარგალის ძმის - მირზა
დარგალის ვადაგასული პასპორტით.
ფაქტს „ფეიკს“ უწოდებს ზაურ დარგალი.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში
ჩატარდა.
როგორ მიმდინარეობა
არჩევნები მარნეულში?
მარნეულის N5 საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო
“ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალა.
უბანზე დამკვირვებლები იყვნენ მერიაში დასაქმებული პირები და “ქართული
ოცნების” მხარდამჭერები. უბნის შიდა ტერიტორიაზე მოძრაობდა მარნეულის
“ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, ხოლო უბნის გარე
პერიმეტრზე მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარის, ზაურ დარგალის
თანაშემწის ნიჯათ იუსუბოვის მამა ამომრჩევლების სიებით
გადაადგილდებოდა.
მეხუთე უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 78.448% მიიღო.
მ
არნეულის ნომერ 3 საარჩევნო უბანზე “ქართული
ოცნების” მხარდამჭერი ქალი ლეილა სადიკოვა ამომრჩევლების სიებით
გადაადგილდებოდა.
მეშვიდე უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 76.41% მიიღო.
მარნეულის N7 საუბნო საარჩევნო კომისიაში მისვლისას
რადიო “მარნეულის” თანამშრომლებს გარეთ დახვდათ არაუფლებამოსილი
პირები სიებით, რომლებმაც განაცხადეს, რომ “ქართული ოცნების”
აგიტატორები იყვნენ. უბანში შესვლისას კომისიის თავმჯდომარე მათ
გადაღების უფლებას არ აძლევდა - არ მოახდინა რეაგირება უბნის გარეთ
შეკრებილ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან დაკავშირებით.
ვიდეოგადაღებისას უბნის თავმჯდომარემ რადიო “მარნეულის” ჟურნალისტს
წაართვა მობილური ტელეფონი და შეწყვიტა ვიდეოგადაღება.
ამავე უბანზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს
დამკვირვებელმა რამაზ კარახმაზლიმ, რომელიც “ქართული ოცნების”
მხარდამჭერია - "თქვენ აგენტები ხართ, ქვეყნის გამყიდველები" -
მიმართა კარახმაზლიმ ჟურნალისტებს და დაემუქრა, რომ უბნის გარეთ “მათ
ნახავდა”. მიუხედავად ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის
წარმომადგენელმა კობა ასანიძე სიტუაცია ობიექტურად არ შეაფასა და
დამკვირვებლის აგრესიული ქმედებები რეაგირების გარეშე დატოვა.
მეშვიდე უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 83.229 % მიიღო.
N50 უბანზე მყოფი დამკვირვებელი ჩუხრუკიძე აცხადებს,
რომ მასზე ფიზიკურ ძალადობას ცდილობდნენ. ადამიანები, რომლებსაც
ბეიჯები არ ეკეთათ უბანზე შედიოდნენ და მას უბნის გარეთ გასვლას და იქ
დალაპარაკებას სთხოვდნენ.
ორმოცდამეათე უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 79.778% მიიღო.
N69 უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული წესით
მიმდინარეობდა. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და
“ქართული ოცნების” წევრმა როვშან ისკანდაროვმა ამ უბანზე რამდენიმე
ბიულეტენი ძალდატანებით ჩაყარა საარჩევნო ყუთში. ფაქტი “ჩემი ხმის”
დამკვირვებელმა გადაიღო - დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ,
შემდეგ კი უბნის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უბნიდან გააძევეს.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ N69 უბანზე ხმის მიცემის
პროცედურა შეწყვიტა, უბანი დაიხურა.
სოფელ ყიზილაჯლოში N74 უბანზე ფიზიკრად გაუსწორდნენ
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ აზად ქარიმოვს.
ქარიმოვის ცემასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო, თავად
ქარიმოვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე უბანზე, სავარაუდოდ,
გაუშვეს წიწაკის სპრეი ან გაზი.
74-ე უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 87.536% მიიღო.
"ხმის გუშაგის" დამკვირვებლის თქმით მეექვსე სკოლაში, N4 უბანზე
დაირღვა საარჩევნო პროცესი. დამკვირვებელი აცხადებს, რომ დაფიქსირდა
სხვა მოქალაქის პასპორტით რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევა. ასევე,
“ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ჰქონდათ დაფოტოშოპებული
არასამთავრობო ორგანიზაციის ბეიჯები თავის გასასაღებლად.
საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე თავს
დაესხნენ.
დამკვირვებლის განცხადებით მან შენიშვნა უბნის კომიის წევრებს მისცა
იმის გამო, რომ მარკირების შემოწმების გარეშე უშვებდნენ ამომრჩევლებს.
ფაქტს უარყოფს ამავე უბნის თავმჯდომარე მურად მაისურაძე და ამბობს,
რომ გოცირიძეს შენიშვნა ხელის შეშლის გამო მისცა. მისივე თქმით,
კომისიის წევრი, რომელიც შეუძლოდ გახდა, გოცირიძე კარებში გასვლისას
დაეტაკა.
N4 უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 71.64% მიიღო.
მარნეულის N81-ე უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს, ხმა უკვე
მიცემული დახვდა
ამ უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 87.772% მიიღო.
სოფელ თაქალოში მდებარე N44 საარჩევნო უბანზე მყოფი ოპოზიციური
პარტიის დამკვირვებელი აითაჯ ხალილი აცხადებს, რომ უბნის წინ
შეკრებილი იყვნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ეწეოდნენ
აგიტაციას.
აითაჯ ხალილი მოგვიანებით ამ უბნიდან გამოაგდეს.
სოფელ თაქალოში, N44 უბანზე, საარჩევნო უბნის ეზოში მარნეულის მერიის
წარმომადგენლები მორიგეობდნენ. ფოტოზე ჩანან მარნეულის მერიის
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი აგილ
ამირჯანოვი და მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ვუგარ მამედოვი.
მარნეულის N1 უბანზე ორი საჩივარია დაწერილი: 1-ლი შეეხება ე.წ
კარუსელს, ხოლო მე-2 არასათანადო მარკირებას. სადამკვირვებლო მისიის
წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უბანზე ერთი და იგივე პიროვნება
რამდენჯერმე მივიდა ხმის მისაცემად.
N1 უბანზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 74.758 მიიღო.
სოფელ სადახლოში N71 საარჩევნო უბანზე უბნის თავმჯდომარე “რადიო
“მარნეულის” ჟურნალისტს უბანზე შესვლის უფლებას რამდენიმე წუთის
განმავლობაში არ აძლევდა.
ჟურნალისტმა N71 უბანზე შესვლა საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეკვისას
შეძლო. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა ტრადიციული წესით
მიმდინარეობდა.
ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაც მარნეულის მასშტაბით
დაფიქსირდა. მარნეულის საოლქო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბერს
ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 43%-ს მიაღწია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით, მარნეულში
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 101,572 ადამიანია, არჩევნებზე კი 43
858 მივიდა. ამ ეტაპზე საოლქოში შესულია 33 საჩივარი.