საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი დამკვირვებელი ორ ორგანიზაციას
ა(ა)იპ „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“ და ა(ა)იპ „ადვოკატთა და
იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“-ს ჰყავდა.
პოლიტიკის და სამართლის ობსერვერს არჩევნებისთვის 2 654
დამკვირვებელი, ხოლო ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო
ობსერვატორიას 2 491 დამკვირვებელი ჰყავდა.
აღნიშნულ ორგანიზაციებს დამკვირვებლები ჰყავდათ მარნეულშიც.
მარნეულის N7 უბანზე „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“
დამკვირვებელი იყო
რამაზ კარახმაზლი, რომელიც ჟურნალისტებისა და სხვა
დამკვირვებლების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა.
კარახმაზლი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - არჩევნების დასრულების
შემდგომ, როდესაც გაიგო, რომ N7 უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ 933 ხმა
მიიღო, კარახმაზლიმ გაწეული შრომისათვის მადლობა მოუხადა უბნის
თავმჯდომარესა და დამკვირვებლებს და უბნის ტერიტორია იქ მყოფ ათობით
შავებში გამოწყობილ კაცთან ერთად დატოვა. მოგვიანებით, კარახმაზლი
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ზაურ დარგალთან ერთად სუფრაზეც იყო, რაც
თავად „ოცნების“ წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
სადახლოში N31 უბანზე „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ კიდევ
ერთმა დამკვირვებელმა მაჰამედ ალმამედოვმა რადიო „მარნეულის“
ჟურნალისტს უბნის ტერიტორიაზე გადაღება აუკრძალა. მოგვიანებით,
როდესაც ჟურნალისტი უბნის ტერიტორიას ტოვებდა, ალმამედოვმა მას პირადი
საუბრისას განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.
ქალაქ მარნეულში N5 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის სიებით
გადაადგილდებოდა პარლამენტარის ზაურ დარგალის თანაშემწის ნიჯათ
იუსუბოვის მამა, რომელიც ასევე „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“
დამკვირვებელი იყო. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას იუსუბოვმა
განაცხადა, რომ მას ხელში „ბაზრის სიები“ ეკავა, რის შემდეგაც უბნის
ტერიტორია დატოვა.
ამავე უბანზე იყო დამკვირვებელი მარნეულის მერიის თანამშრომელი რავილ
გასანოვიც. გასანოვი ასევე „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“
დამკვირვებელი იყო.
„ხმის გუშაგის“ დამკვირვებელი თემურ სუყაშვილი მარნეულში 16 საარჩევნო
უბანს აკვირდებოდა. სუყაშვილი განმარტავს, რომ 16 საარჩევნო უბნიდან
13-ში მობილიზებული იყვნენ „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ და
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლები,
რომლებიც ხშირ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების
ფუნქციებს ასრულებდნენ.
„უბნებზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც პროცესს ხელს
უშლიდნენ. პირველად ეს დამკვირვებლები საბირქენდის უბანზე შევამჩნიე.
საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე პუნქტით, ადგილობრივ
სადამკვირვებლო მისიას ერთ უბანზე უნდა ჰყავდეს მაქსიმუმ 1
წარმომადგენელი, ეს კარგად მახსოვდა ტრენინგიდან და ჩემ მობილურ
ჯგუფშიც ოთხნი ვიყავით და მხოლოდ მე შევედი ამ საბირქენდის უბანზე.
უცებ აღმოვაჩინე, რომ იქ არის 10 ადამიანი დამკვირვებლის როლში, თუმცა
ესენი დამკვირვებლები არ იყვნენ. რეალურად, ასრულებდნენ საუბნო
საარჩევნო კომისიის ფუნქციებს - შემოყავდათ მოქალაქეები, მიყავდათ
რეგისტრატორამდე, შემდეგ ეხმარებოდნენ ბიულეტენის ხმის მთვლელ
აპარატში მოთავსებაში და ა.შ. მთელ ამ პროცედურას გადიოდნენ. როდესაც
მივუთითე ამის თაობაზე კომისიის თავმჯდომარეს, გაუშვა უბნიდან, მაგრამ
დიდი ხნით არა - სიგარეტი მოწიეს და ისევ დაბრუნდნენ უბანზე. მერე
ზუსტად იგივე ორგანიზაციის ბეიჯებით ხალხი შევამჩნიე ყიზილაჯლოს
უბანზე, ქალაქ მარნეულის უბანზე და ა.შ.“ - აცხადებს
თემურ სუყაშვილი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გასაჯაროებული არ აქვს მონაცემები, თუ
ვინ იყვნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების
წარმომადგენლები. ცესკოს რადიო „მარნეულმა“ ოფიციალურ წერილით
მიმართა, რათა საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდოს იმ დამკვირვებლების
ვინაობა, ვინც არჩევნებს ა(ა)იპ „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“
და ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“-დან
აკვირდებოდა.
ცესკოზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ა(ა)იპ „პოლიტიკის და
სამართლის ობსერვერი“-ს დირექტორი ეკა აგლაძეა, ხოლო ა(ა)იპ
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“-ს დირექტორი
გრიგოლ გაგნიძე.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
მიხედვით, აღნიშნული ორივე ორგანიზაცია ერთ მისამართზე, თბილისში,
ბოგდან ხმელენცკის N2 კორპუსის 48-ე ბინაში არის რეგისტრირებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიების მიხედვით, ეკა
აგლაძეც და გრიგოლ გაგნიძეც ამავე მისამართზე არიან ჩაწერილები.
ეკა აგლაძე და გრიგოლ გაგნიძე დაოჯახებულები არიან. მათი ფეისბუქ
გვერდებიდან ჩანს, რომ გრიგოლ გაგნიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია
- გაზიარებული აქვს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ვიდეო და
სამუშაო გამოცდილებაში უწერია, რომ „ქართულ ოცნებაში“ იურისტად
მუშაობდა.
ეკა აგლაძე და გრიგოლ გაგნიძე რადიო „მარნეულის“ ზარებს და
შეტყობინებებს არ პასუხობენ.
ჩვენ გვინდდა მათთვის გვეკითხა, თუ ვინ აფინანსებს მათ სადამკვირვებლო
მისიებს და როგორ შეძლეს საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი
სადამკვირვებლო მისიების შექმნა.
რადიო „მარნეული“ ეკა აგლაძისა და გრიგოლ გაგნიძისაგან პასუხს ამ
დრომდე ელოდება და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.