მცირე ნაბიჯებით და დიდი ძალისხმევით მიღწეული მიზანი - სამირა ალიევას ისტორია

ეს არ შეიძლება, ქალი ხარ, გაშორებული ხარ, სირცხვილია - ეს სიტყვები მარნეულელ სამირა ალიევას საზოგადოებისგან არაერთხელ მოუსმენია.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 19 წლის ასაკში განქორწინდა და ფინანსური დამოუკიდებლობის რთულ გზას დაადგა. 15 წლის წინანდელ ისტორიას ემოციების გარეშე ვერ ჰყვება, თუმცა ამბობს, რომ ახლა მის განვლილ ცხოვრებას უფრო მარტივი თვალით უყურებს. „გადარჩენის“ ამბავს საკუთარ სიძლიერეს, დასახულ მიზანს და დაუღალავ
შრომას უკავშირებს. ფულის შეგროვება წარბის ამოღებით, 2 ლარად დაიწყო, სხვის სალონში ისწავლა თმის შეჭრაც, ვარცხნილობების გაკეთებაც და დღეს უკვე საკუთარი სალონის მფლობელია. ალიევა გვიყვება, რომ ამ ყველაფერს პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენით მიაღწია.

„წარბის გაკეთებით დავიწყე, ნასწავლი არც მქონდა როგორ უნდა მეკეთებინა. ნელ-ნელა „კლიენტები“ (რედ. მომხმარებლები) მოვაგროვე. ხან შეღება ვცადე თმის, ხან შეჭრა და მოეწონა ხალხს. ერთმა ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ერთ-ერთ სალონში გადასვლა. არაფერი მქონდა მაშინ, ახლა მარტივად ვყვები ამ ყველაფერს მაგრამ ეს თვეები, წლები, საათები, წუთები სულ შრომაში გადიოდა. მოხდა ისე, რომ გადავწყვიტე საკუთარი სალონის გახსნა, მეშინოდა, მაგრამ გამომივიდა. ბავშვობიდან მშრომელი ვარ. ქალი ძალიან ძლიერია. მას შემდეგ რაც ქმარს დავშორდი, მიზანი დავისახე, რაც შემეძლო ვაკეთებდი. ხალხი იცით როგორია? თუ დაეცი, იტყვიან დაეცაო თუ წინ წახვედი მაინც ექნებათ სათქმელი, ნახე ის წინ წავიდაო, რაც გინდა გააკეთე, სულ აქვთ სათქმელი. ხალხის ფიქრებით თუ იცხოვრებ, უკან დარჩები. ჩემი შრომით სახლი ვიყიდე, არავის არ მოუცია ერთი თეთრი“ - ამბობს სამირა


სამირა ალიევა ამბობს, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა სალონში მუშაობით არ სრულდება. ახლა ის მარნეულში ბევრ ქალს ეხმარება. უზიარებს გამოცდილებას, აცნობს მათ უფლებებს და ეუბნება, რომ შეუძლებელი არაფერია.

„მე რომ დავშორდი მეუღლეს, მას შემდეგ ბევრი მეუბნებოდა, რომ მაგალითად ალიმენტის აღება შემეძლო ბავშვისთვის. არ მჯეროდა სიმართლე გითხრათ, არც ფული მქონდა სასამართლოებზე მევლო. თან იყო ერთი ფაქტორიც, სტერეოტიპული დამოკიდებულება ოჯახისგან. ეს არ შეიძლება, ქალი ხარ, დაშორებული ხარ, სირცხვილია, - აი, ასეთი მიდგომები. რამდენიმე მეგობარმა დამარწმუნა, რომ შევძლებდი. იცით მხარდაჭერა რა მაგარი რამეა? მის გარეშე არაფერია, აუცილებელი რამეა. ალიმენტის აღებაზე რომ დამეხმარნენ და საქმე მოვიგე, უფრო ძლიერი გავხდი. ახლა მე სხვა ქალებს ვეხმარები. როდესაც ვხვდები, რომ ისინი ჩემ გზაზე არიან და ვხვდები, როგორ უჭირთ არაფერს ვიშურებ მათ დასახმარებლად. მათ შორი, ბოლოს 3 ქალს დავეხმარე და ახლა ალიმენტს იღებენ. მარტო სტილისტი არ ვარ, სამსახურის მერე დროს ვუთმობ ადამიანებს, ვინც მენდობა და ჩემგან რჩევა სჭირდებათ. „

სამირა ალიევას მაგალითი ცხადყოფს, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის გზაზე ქალებისთვის მთავარი სირთულე არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებია, არამედ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“ დაამტკიცა, რეგიონებში მისი შედეგები ნაკლებად ჩანს. ამავეს გვიდასტურებს ადგილობრივი გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე, რომელსაც ბევრი ქალი დახმარებისთვის მიმართავს.

„ამ წუთშიც მყავს მსგავსი საჭიროების ქალი, რომელიც წამოვიდა ქმრის ოჯახიდან, საკუთარი ჭერი არ აქვს და რამდენიმე ადამიანი ვუხდით ბინის ქირას. სამსახური იშოვა, მაგრამ არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ბავშვებსაც მიხედოს, პროდუქტიც იყიდოს, სხვადასხვა წრეზე ატაროს. ამიტომ, იძულებულია ბავშვები ჰყავდეს მამასთან, რაც ამ ქალისთვის არის დიდი ტრავმა. 18 წლის იყო რომ დაოჯახდა, არც პროფესია აქვს ერთი დღეც არ უმუშავია, არ აქვს ის უნარები, რომ როგორც დასაქმებული რეალიზდეს. ახლა ვებრძვით ამ პრობლემებს. ძალიან მნიშვნელოვანია გოგოებს ჰქონდეთ პირველ რიგში პროფესია, რადგან შემდეგ არ ჰქონდეთ დასაქმების პრობლემა. დაოჯახების შემთხვევაში ერთი დღე არ უნდა წარმოიდგინონ საკუთარი თავი ანაზღაურებადი სამუშაოს გარეშე. ფინანსური დამოუკიდებლობა არის გადამწყვეტი. სამწუხაროდ, ჩვენზე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობა ხშირად ხორციელდება. ამ ყველაფერს რომ გავუმკლავდეთ, ეკონომიკური გაძლიერება არის მნიშვნელოვანი. „ - თქვა ნონა სამხარაძემ



გენდერის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკრეტული პროგრამების დანერგვა და მხარდაჭერის სისტემების შექმნა.

„ახლა ჩვენ ერთ გოგოს ვურჩიეთ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ საგრანტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. 7 000 ლარით აფინანსებენ. საკუთარი ფრჩხილის მოვლის ცენტრი უნდა რომ გახსნას. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ესწრება კვირაში 4 საათი გაკვეთილებს, რომ მანიკიურ-პედიკიურის სპეციალისტი გახდეს. ეს გოგო, ამ დახმარების გარეშე, ამას ვერ შეძლებდა. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა აკეთებდეს მსგავს პროგრამებს განსაკუთრებით ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და არა მარტო. აუცილებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები, ხელშეწყობა. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ვიმუშავე სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალებთან. მათ შორის შშმ პირებთან, სოციალურად დაუცველებთან, ძალადობის მსხვერპლებთან და გამოიკვეთა ძალიან ბევრი საჭიროება, რომ ისინი ეკონომიკურად გაძლიერდნენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუცილებლად უნდა მოუსმინოს მიზნობრივ ჯგუფებს, რათა მათი საჭიროებების შესაბამისად, მათ გაძლიერებაზე იზრუნონ“ - ამბობს ნონა სამხარაძე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2023 წელს მომზადებული გენდერული თანასწორობის პორტფოლიოს თანახმად, ქალები, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, უფრო მეტად დგანან სიღარიბეში აღმოჩენის, ან სიღარიბიდან თავის ვერ დაღწევის საფრთხის წინაშე, რადგან ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ფინანსურ რესურსებზე.

სოციალური დაცვის პროგრამების ბენეფიციართა შორის უმეტესობა ქალია. გამოწვევები, რომლებსაც ქალები აწყდებიან შრომის ბაზარზე და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მათ უფრო მოწყვლადს და სოციალური დაცვის სისტემაზე დამოკიდებულს ხდის. სოციალური დაცვის არსებული პროგრამები სრულად ვერ ფარავს ყველა სამიზნე ჯგუფის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების და მარტოხელა მშობლების საჭიროებებს.

გენდერული თანასწორობის პორტფოლიოს თანახმად, ქალთა ეკონომიკური აქტიურობის დონე საკმაოდ ჩამორჩება (41.5 პროცენტი) კაცების ეკონომიკური აქტიურობის დონეს (64 პროცენტი). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 25- 34 წლის ასაკობრივ ჯგუფში ქალების თითქმის ნახევარი (46.4 პროცენტი) ეკონომიკურად არააქტიურია.

ასევე, საქართველოში ქალები ხუთჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ საშინაო შრომასა და ზრუნვის საქმიანობაზე, ვიდრე კაცები. ქალების ეკონომიკური საქმიანობისთვის ხელისშემშლელ მთავარ ფაქტორებს ქვეყანაში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი განაწილება ქალებსა და კაცებს შორის და არსებულ სოციალურ ნორმებთან ერთად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ზრუნვის მომსახურებების სიმცირე წარმოადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345