არჩევნების შედეგები მარნეულის 7 ყველაზე მცირერიცხოვან სოფელში
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულში ხმების 79,619% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, „ოცნებას“ მხარი 34 394-მა მარნეულელმა დაუჭირა. წინა, 2020 წლის, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებით წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმათა რაოდნეობა მკვეთრად მაღალია. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში ამომრჩევლის ხმების 49,57% მიიღო, რაც 29 743 ხმაა.

მარნეულის მასშტაბით წელს 81 საარჩევნო
უბანი იყო გახსნილი. 41 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოიების გამოყენებით მიმდინარებოდა, ხოლო 40 უბანზე ტრადიციული მეთოდით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მცირერიცხოვან 7 სოფელში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - ამ სოფლებში ხმის მიცემა ტრადიციული წესით მიმდინარეობდა.

მარნეულის 7 სოფელში, 2020 და 2024 წლების საპარლამენტო არჩევნებზე, გახსნილი საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, სოფლებში ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ გაზრდილია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა.

სოფელ ჩანახჩიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 166 ადამიანს ჰქონდა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ხოლო 2020 წელს 196 ადამიანს. ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ჩანახჩიში არჩევნებში მონაწილეობა 121-მა ადამიანმა მიიღო, ხოლო 2020 წელს 132-მა ადამიანმა. ორივე საპარლამენტო არჩევნებზე სოფელში 2-2 ხმა გაბათილდა. „ქართულმა ოცნებამ“ წელს ჩანახჩიდან 108 ხმა მიიღო, ხოლო 2020 წელს 114. რაც შეეხება ოპოზიციას, 2024 წელს ოპოზიციამ, საერთო ჯამში, ჩანახჩიდან 11 ხმა მიიღო, 2020 წელს კი 16 ხმა.

სოფელ ოფრეთში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 94 ამომრჩევლით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, 2024 წელს ქართულმა ოცნებამ, 2020 წლისაგან განსხვავებით, ოფრეთიდან 83 ხმით მეტი მიიღო.
ოფრეთში 2020 წელს 283 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებზე 103 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მხარი 85-მა დაუჭირა. 2020 წელს ოპოზიციამ, საერთო ჯამში, ოფრეთიდან 12 ხმა მიიღო - ბათილი იყო 6 ბიულეტენი.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, ოფრეთში 2020 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა. 2024 წელს ოფრეთში 189 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, რომელთაგანაც არჩევნებზე 180 ამომრჩეველი გამოცხადდა. „ქართულმა ოცნებამ“ სოფელში 168 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციამ 10 ხმა - 2 ბიულეტენი გაბათილდა.

ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა 4 წლის განმავლობაში არ შეცვლილა სოფელ გულიბახში. 2020 და 2024 წლების საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ იდენტური 117-117 ხმა მიიღო.
2024 წელს სოფელში 152 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და 128 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 2020 წელს გულიბახში 164 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული - არჩევნებში მონაწილეობა 135 მიიღო. გულიბახიდან 2024 წელს ოპოზიციამ, საერთო ჯამში 9 ხმა მიიღო, ხოლო 2020 წელს 16.

სოფელ ცოფში 2020 წლის შემდეგ შემცირებულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებზე გამოცხადებულ მოქალაქეთა რაოდნებოდა და „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობაც.
2020 წელს ცოფში ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 525 იყო, 2024 წელს 486. 2020 წელს არჩევნებზე 340 ამომრჩეველი გამოცხადდა, 2024 წელს კი 247. წინა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ცოფიდან 223 ხმა ჰქონდა, ხოლო წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ 179 ხმა მიიღო. 2020 წელს ოპოზიციას, საერთო ჯამში, ცოფიდან 102 ხმა ჰქონდა, ხოლო 2024 წელს 67 ხმა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სოფელ ხანჯიგაზლოში წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია.
2020 წელს ხანჯიგაზლოში 344 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებზე 205-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. „ქართულმა ოცნებამ“ სოფელში 97 ხმა დააგროვა, ხოლო ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 98 ხმა.
2024 წელს ხანჯიგაზლოში 346 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და არჩევნებზე 184 მოქალაქე გამოცხადდა. „ქართულმა ოცნებამ“ 147 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 32 ხმა დააგროვა.

სოფელ დამიაში 2024 წელს 248 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2020 წელს 254 ამომრჩეველი. წინა საპარალემნტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემების მიხედვით, დამიაში 134 ამომრჩეველი გამოცხადდა, ხოლო წელს გამართულ არჩევნებზე 143. 2020 წელს დამიაში „ქართულმა ოცნებამ“ 88 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 43 ხმა. 2024 წელს მმართველმა პარტიამ სოფელში 105 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციამ 37.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წელთან შედარებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია დაბა შაუმიანის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაშიც. დაბა შაუმიანის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილები ცხოვრობენ. დევნილთა დასახლებაში „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს 74 ხმა მიიღო, ხოლო 2024 წელს 100 ხმა.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2024 წლის არჩევნებს არ აღიარებს და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა არჩევნები განმეორებით, საერთაშორისო საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345