მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი
გამოაქვეყნა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით 2025 წელს
გაზრდილია მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასებისათვის
გამოყოფილი თანხა, ხოლო შემცირებულია სოციალური პროგრამების,
განათლების, დასუფთავების და გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის
განვითარების თანხები.
2025 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანამშრომლების
ანაზღაურებისათვის 9 318 800 ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წლის
ხარჯებთან შედარებით 1 009 900 ლარითაა
გაზრდილი - 2024 წელს
თანამშრომლების ხელფასებისთვის 8 308 900 ლარი იყო გამოყოფილი.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური პროგრამებისათვის 3
200 000 ლარია გამოყოფილი, რაც 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ
თანხაზე 649 400 ლარით ნაკლებია.
სოციალურ პროგრამებში შედის ავადმყოფთა სოციალური დაცვა, სადაც
ბიუჯეტი 1 600 ლარითაა შემცირებული, და ოჯახებისა და ბავშვების
სოციალური დაცვა, სადაც ბიუჯეტი 2024 წელთან შედარებით 642 800
ლარითაა შემცირებული.
2025 წლის ბიუჯეტში განათლების მიმართულებით 7 072 000 ლარია
გამოყოფილი, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტში 7 868 400 ლარი იყო გამოყოფილი -
აქედან 1 668 900 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2025 წლის ბიუჯეტის
პროექტში არაა მითითებული თუ რამდენი ლარი გამოიყოფა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან განათლებისათვის.
მომავალი წლის ბიუჯეტში დასუფთავებისა და გარემოს დაცვის თანხებიცაა
შემცირებული. 2025 წლის ბიუჯეტში 4 615 000 ლარია გათვალისწინებული,
როდესაც 2024 წლის ბიუჯეტში 4 995 400 ლარი იყო გათვალისწინებული.
2024 წელთან შედარებით 19 065 100 ლარითაა შემცირებული
ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხები 2025 წლის
ბიუჯეტში. 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის
განვითარებისათვის 38 006 100 ლარი იყო გამოყოფილი - აქედან 23 738
700 ლარი ადგილობრივი, ხოლო 14 267 400 ლარი ცენტრალური
ბიუჯეტიდან.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული
განვითარებისათვის 18 941 000 ლარია გამოყოფილი. 2025 წლის ბიუჯეტის
პროექტში არაა მითითებული თუ რამდენი ლარი გამოიყოფა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი საჯარო
განხილვებისათვის 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. ბიუჯეტის პროექტში
წინადადებების შეტანა მოქალაქეებს 25 ნოემბრამდე შეეძლებათ.
რადიო „მარნეული“