მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში შიდა გზების
სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2024 წლის სექტემბერში
დაიწყო.
რამდენიმე ქუჩაზე უკვე დაგებულია ახალი ასფალტის საფარი, ზოგიერთი
ქუჩა კი კვლავ მოუწყობელი რჩება.
შპს „ქციამ“, კომპანიამ რომელიც სოფელ საიმერლოში შიდა გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, სოფელ საიმერლოში ზაზა
ბოჭოიძის ქუჩაზე ძველი გზის საფარი ერთ თვეზე მეტი ხნის წინ აიღო. 26
ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებამდე
რამდენიმე კვირით ადრე
ზაზა ბოჭოიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოხსნეს, მაგრამ ახალი საფარი
ამ დრომდე არ დაგებულა.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „ქციას“ დირექტორმა თეიმურაზ
გოგრიჭიანმა განაცხადა, რომ ბოჭოიძის ქუჩაზე გზის საფარის პირველი
პირი უახლოეს მომავალში დაიგება.
„ამ ეტაპზე წვიმებიც რომ დაემთხვა იმიტომ ვერ ვიმუშავეთ.
თან მოგეხსენებათ, ამ სოფელში სხვა ქუჩაც იყო, ის დავასრულეთ და ახლა
გადმოვერთვებით მაგ ქუჩაზე. რამდენიმე დღეში დავიწყებთ მუშაობას და
პირველ ფენას დავაგებთ“. - განაცხადა თეიმურაზე
გოგრიჭიანმა
შპს „ქციას“ დირექტორის განმარტებით, მარნეულის მერიასთან გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოების დასრულებისათვის ვადა
პირველ იანვრამდე აქვს. განმარტავს, რომ პირველ იანვრამდე შესაძლოა
ვერ დასრულდეს სრული სამუშაოები, რადგან პროექტით ეზოებში
შესასვლელების მოწყობაცაა დაგეგმილი, სადაც სასმელი წყლის მილები
გადის.
„აღნიშნული მილების გადატანა ჩვენს პროექტში არ შედის,
მაგრამ მაინც ვაკეთებთ, რომ ხარისხიანად დავასრულოთ
პროექტი“. - აცხადებს გოგრიჭიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ
საიმერლოში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის შპს
„ქციასთან“ 587 875 ლარის და 81 თეთრის ღირებულების ხელშეკრულება
გააფორმა.
რადიო „მარნეული“