მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სატელევიზიო მომსახურების
შესყიდვისათვის 199 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სხვა ყველა წლებთან შედარებით აღნიშნული თანხა გაზრდილია. გასული წლის
ტენდერს თუ შევადარებთ, მერიამ სატელევიზიო მომსახურებაში 2025 წელს
49 000 ლარით მეტის გადახდას გეგმავს.
მერიის მიერ სატელევიზიო მომსახურებაზე გამოყოფილი თანხები წლების
მიხედვით:
- 2024 წელი - 150 000 ლარი
- 2023 წელი - 99 800 ლარი
- 2022 წელი – 145 000 ლარი
- 2021 წელი - 95 800 ლარი
- 2020 წელი -125 640 ლარი
- 2019 წელი - 86 000 ლარი
მარნეულის მერია მსგავსი სახის მომსახურებაზე ტენდერებს ყოველწლიურად
აცხადებს და მასში უკონკურენტოდ ერთი და იმავე კომპანია, მარნეული ტვ
იმარჯვებს.
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად ტექნიკურ
მოთხოვნებში შედის:
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო
ვიზუალური განცხადებების განთავსება ეთერში ქართულ და აზერბაიჯანულ
ენაზე. (ერთი ერთეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წამისა)
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად; პირდაპირი ეთერით, მერის ან მისი
მოადგილეების, ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების,
ააიპ-ების ხელმძღვანელებისა და სამსახურის ან/და განყოფილებათა
ხელმძღვანელების ანგარიშების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების
(მერიიდან ან/და ტელევიზიიდან) გასვლითი და ონლაინ აქტივობების,
საახალწლო და რელიგიური დღესასწაულების, ასევე სპორტული და კულტურული
ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების და სხვა
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების ტრანსლირება.
(შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). საკრებულოს სხდომების,
თათბირების, ბიუროს სხდომების (შეთანხმებით), ანგარიშების, ან/და
მერის, მისი მოადგილეების და სამსახურის უფროსების თათბირების,
ანგარიშების განთავსება სატელევიზიო ეთერში, ერთი ერთეული,
ქრონომეტრაჟით, არანაკლებ 10 წუთისა, როგორც ქართულ ისე აზერბაიჯანულ
ენაზე; (ჯამში ხელშეკრულების ფარგლებში ქართულ ენაზე - 14 ახალი
ერთეულის ოდენობით, აზერბაიჯანულ ენაზე-14 ახალი ერთეულის ოდენობით;
ყოველი ახალი ერთი ერთეულის მომსახურების ერთჯერადი განმეორებითი
ჩვენება.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 20-23 დეკემბრის პერიოდში
შეეძლებათ.