მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2025 წლის
განმავლობაში მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი 400 ძაღლის
თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვას გეგმავს.
მარნეულის მერია უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში
გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში
გადაყვანის) მომსახურებას ყოველწლიურად ყიდულობს. 2024 წლის
განმავლობაში მერიამ აღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის ორი
ტენდერი გამოაცხადა. პირველი, 42 372 ლარის ღირებულების, ტენდერი
მერიამ 300 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლის თავშესაფარში
გადაყვანისთვის, ხოლო
მეორე, 5 320 ლარის ღირებულების, ტენდერი 40
ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისთვის გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, 2025 წელს მერია 2024 წელთან შედარებით 60-ით მეტი
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლის თავშესაფარში გადაყვანას გეგმავს.
ადგილობრივ თვითმმართველობას 2025 წელს 400 ძაღლის თავშესაფარში
გადაყვანის მომსახურებისათვის 58 400 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს
გამოცხადებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ მერიას შემდეგი სახის
მომსახურება უნდა გაუწიოს:
1 მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი
ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო
სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).
2 დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით
თავშესაფარში.
3 თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების
შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა
ვეტერინალური მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით
(დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.
ვეტერინარული მომსახურება უნდა განახორციელონ, მხოლოდ ვეტერინარმა
სპეციალისტებმა.
4 თავშესაფარი უნდა იყოს მოპირკეთებული კაპიტალურად, საოპერაციო
ოთახში უნდა შედიოდეს წყალმომარაგება და ელექტროენერგია, სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული სანარკოზე საშუალებები უნდა ინახებოდეს
ცალკე ოთახში და დაცული უნდა იყოს სპეციალურ ლითონის სეიფში;
5 უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების
იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ.
6 ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მძიმედ დაავადებული ცხოველების
ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო)
გადაყვანა.
7 ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული
ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი
კონტროლი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტში
მინიმუმ თვეში ორჯერ ჩაატაროს რეიდები და დაიჭიროს უმეთვალყურეოდ
დარჩენილი ძაღლები.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ვალდებული იქნება ძაღლების კასტრაციის,
სტერილიზაციისა და შესაბამისი ნიშნების გაკეთების შემდგომ
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველები ბუნებრივ არეალში დააბრუნოს, იქ
საედანაც ისინი წაიყვანეს.
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების
მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 18-დან 20
დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
რადიო „მარნეული“