11 დეკემბერს მარნეულში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ღონისძიება
გაიმართა სტაჟირების პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით,
რომელიც „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ პროექტებიდან ერთ-ერთია.
პროექტი სტუმრებს „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელმა
კამრან ეფენდიევმა გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ სტაჟირების პროგრამის
პროექტით 9 ახალგაზრდამ ისარგებლა.
„რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, გავზარდოთ
საზოგადოებრივი ცენტრები ქვემო ქართლის რეგიონში. ამ მიზნით
განხორციელდა აქტივობები და წარმატებული შედეგიც გვქონდა. ბოლო ორი
წლის განმავლობაში გარდაუვალი იყო საზოგადოებრივი ცენტრების არსებობა
ბოლნისსა და დმანისშიც. განვითარების ძირითადი გზები სათემო ცენტრებზე
გადის. როდესაც პროექტი გამოცხადდა, ჩვენ გვქონდა შეხვედრა გაეროსთან.
ჩვენ დავწერეთ პროექტი პროგრამა LEAD-ის ფარგლებში და მოვითხოვეთ
საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა. “
ეფენდიევმა განაცხადა, რომ „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ რამდენიმე
წელია ახორციელებს სტაჟირების პროგრამებს. მისივე თქმით, წინა
პროექტში ეს პროგრამა 22-მა სტაჟიორმა გაიარა სხვადასხვა ადგილას და
მუნიციპალიტეტში. უმეტესობა დარჩა და დასაქმდა. ღონისძიებაში
მონაწილეობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა
ლელა აქიაშვილმაც მიიღო. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მან აღნიშნა,
რომ პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე მათთვის პრიორიტეტი მარნეულში
მცხოვრები ახალგაზრდები გახდნენ და შედეგად მარნეულელი ახალგაზრდების
გაძლიერებაზე დაიწყეს მუშაობა.
„დღეს დავასრულეთ პროექტი, რომელიც „ახალი აზროვნების
ინსტიტუტთან“ ერთად განვახორციელეთ. ჩვენი ინიციატივა
წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება. ის ახლა უფრო დიდი ლიდერობის,
თანასწორობის, ადვოკატირების და დემოკრატიის პროექტის ნაწილია. ეს
დიდი, 3 წლიანი პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების უნარებისა და
შესაძლებლობების გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენთან
ყველაზე ახლო ორგანიზაცია რეგიონში იყო „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“.
ამიტომ, როცა მათთან დავიწყეთ მუშაობა, საკმაოდ მარტივი იყო ჩვენთვის
რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების გაძლიერება“, -
განაცხადა ლელა აქიაშვილმა.
„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებულ პროექტში
მარნეულის სოფელ სადახლიდან კამალა ხალილოვაც მონაწილეობდა. მას სურს,
რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდეს.
„6 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში
გაწევრიანების გზით მქონდა შესაძლებლობა შემეძინა პრაქტიკული
გამოცდილება და განმევითარებინა პროფესიული უნარები. პროგრამაში
ჩართვის მთავარი მიზეზი იყო ჩემი აკადემიური სწავლების შემდგომი
გაძლიერება და ჩემი მომავალი კარიერის გაძლიერება. ამ პროგრამამ
გააუმჯობესა ჩემი მუშაობის უნარი სხვადასხვა სამუშაო გარემოში. 6 თვე
გავიარე სტაჟირება კარგოს კომპანიაში. ამ ხნის განმავლობაში მე
ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას და
მივიღე უფრო ფართო და ღრმა ცოდნა ამ სფეროში. მსურს სამომავლოდ ასეთ
პროექტებში მონაწილეობა, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ახალ გამოცდილებას
ვიღებ და უნარ-ჩვევებს ვავითარებ, უფრო წინ მივდივარ და ყოველი
პროექტი მაძლევს შესაძლებლობას ვისწავლო ახალი“, -
განაცხადა კამალა ხალილოვამ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და
ნორვეგიის მხარდაჭერით ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა,
ადვოკატირება და დემოკრატია“ ფარგლებში ხორციელდება.