დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი მკაცრად უარყოფს
აზერბაიჯანული მედია-საშუალების, Baku TV-ის, და
საქართველოში მოქმედი ონლაინ მედიის, 24news.ge-ს, მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას, რომელიც ცენტრის მარნეულის ოფისს პოლიტიკურ პროცესებში
ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ჩართვასა და მათი ფინანსურ
წახალისებაში ადანაშაულებს.
"კატეგორიულად ვგმობთ აზერბაიჯანული მედია-საშუალების
Baku
TV-ის, შემდეგ კი საქართველოში მოქმედი ონლაინ მედიის -
24news.ge-ს მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს „დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი რაიმე ფორმით ჩართულია
მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების საქართველოს
პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და მათი ფინანსურ წახალისებაში.
სიუჟეტის არც ერთი წინადადება არ შეესაბამება სინამდვილეს,"
- ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ Baku TV-ის სიუჟეტში, რომელიც მარნეულის
ოფისს არასწორად USAID-ის ოფისად მოიხსენიებს, გაჟღერებული ბრალდებები
არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას და შეიცავს ცრუ ინფორმაციას.
ორგანიზაციამ უკვე მიმართა აზერბაიჯანულ მედიასაშუალებას სიუჟეტის
წაშლის მოთხოვნით, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ უკვე 13 წელია ხელს უწყობს
საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ადგილობრივი
მოსახლეობის გაძლიერებას და სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას.
ვამაყობთ და მომავალშიც ვიამაყებთ ჩვენი საქმიანობით საქართველოს
სხვადასხვა რეგიონებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კონტექსტი და ბეგრაუნდი:
Baku TV-ის დეზინფორმაციის კამპანია რამდენიმე დღის წინ,
აზერბაიჯანული ტელევიზია Baku TV-მ 18-წუთიანი სიუჟეტი მოამზადა,
სადაც საუბარია მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოში
ხელისუფლებაში მყოფი პარტია "ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციაზე
უარის თქმას მოჰყვა. სიუჟეტში მარნეულის ჩართულობის ცენტრი უსაფუძვლოდ
არის დასახელებული, თითქოსდა ეს ორგანიზაცია ამერიკული გრანტების
მეშვეობით ადგილობრივებს პროტესტში ჩართვისთვის ფინანსურ წახალისებას
სთავაზობს.
ეს ინფორმაცია მარნეულის ადგილობრივმა მედია-საშუალებამ, 24news.ge-მ,
Facebook-ზე გააზიარა. გაზიარებულ მასალაში ცრუ ბრალდებები არანაირ
მტკიცებულებას არ ეფუძნება, რაც, სავარაუდოდ, დეზინფორმაციის
კამპანიის ნაწილია.
საპროტესტო აქციების კონტექსტი: საქართველოში ერთ თვეზე მეტი ხნის
განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის ევროინტეგრაციაზე
უარის თქმამ გამოიწვია და საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა, რომლის
ლეგიტიმურობას არაერთი დასავლური სახელმწიფო არ აღიარებს. ეუთო/ოდირის
დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნები ხასიათდებოდა სერიოზული
დარღვევებით.
Baku TV-ის ნარატივები ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც
აზერბაიჯანული მედია საქართველოს შესახებ ვიდეომასალას ამზადებს.
წინასაარჩევნო პერიოდში აზერბაიჯანული მედიასაშუალებები აქტიურად
ავრცელებდნენ "ქართული ოცნების" ნარატივებს, რომელთა მიზანი იყო
დასავლეთის დისკრედიტაცია, და ომის შიშის გაღვივება.
დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრების ქსელი ცრუ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ხაზს უსვამს
ორგანიზაციის 13-წლიან როლს საქართველოში დემოკრატიული პროცესების
განვითარების საქმეში. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
საკუთარი საზოგადოებრივი კარიერა ააშენა ქართული ოცნების ამჟამინდელმა
დეპუტატმა ზაურ დარგალმა, რომელიც მარნეულში ცნობადი ზუსტად
არასამთავრობო სექტორიში მუშაობით გახდა და შემოსავალს დასავლური და
ევროპული დონორებისგან იღებდა.
თუმცა დარგალს ამან არ შეუშალა ხელი ხმა მიეცა ანტიდემოკრატიულ
კანონისთვის ე.წ გამჭვირვალობის შესახებ , რომელიც თავისი არსით
რუსეთში აგენტების კანონის მსგავსია და საქართველოში ზუსტად ამის გამო
„რუსული კანონის“ სახელითაა ცნობილი. ორგანიზაციის წარმომადგენლების
აზრით, მსგავსი დეზინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი
განხეთქილების გაღრმავება და საერთაშორისო პარტნიორების
დისკრედიტაციას.