„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა
და საქართველოში NDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა,
ლორა თორნტონმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ პლენალურ დისკუსიაზე სიტყვით
გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში
აზერბაიჯანისა და ირანის ჩარევაზე ისაუბრა.
ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ ირანი „ქართული ოცნების“ მესიჯებს
იმეორებდა, ფულს დებდა იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული ოცნების“
კამპანიას და ასე ცდილობდნენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ
მოქალაქეებზე გავლენის მოხდენას. რაც შეეხება აზერბაიჯანს,
თორნტონის
განმარტებით, აზერბაიჯანი პირდაპირ იყო ჩართული „ქართული ოცნების“
წინასაარჩევნო კამპანიაში.
„აი, ვინც პირდაპირ იყო იქ, იყო აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები, ისევე, როგორც მედიაფიგურები,
სიტყვის სრული მნიშვნელობით, სცენაზე იდგნენ „ქართული ოცნების“
კანდიდატების გვერდიგვერდ. მართალია, ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით
რუსეთის ჩარევაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას იღებდა სხვა
მხარეებიდანაც“. - განაცხადა ლორა თორნტონმა
აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებთან ერთად მართავდა წინასაარჩევნო შეხვედრებს
„ქართული ოცნებსი“ დელეგატი, დავით შერაზადაშვილი ბოლნისსა და ქვემო
ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აზერბაიჯანის სახელმწიფო
მედიაც აქტიურად უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ და ხშირად პარტიის
ნარატივებს იმეორებდა.
აზერბაიჯანის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში
მონაწილეობაზე მეტყველებს აზერბაიჯანელი მომღერლების იმ რეგიონებში
ჩაყვანა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები
ცხოვრობენ.
აზერბაიჯანული მედია ახალაც აგრძელებს "ქართული ოცნების" ნარატივების
გავრცელებას. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია აქტიურად აშუქებს
მოვლენებს საქართველოდან და აშავებს პროდასავლურ აქციებს, რომელიც
საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
Baku TV-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრების ქსელიც საქართველოში.
თორნტონმა ისაუბრა ირანის გავლენების ზრდაზეც საქართველოს ეთნიკურად
აზერბაიჯანელ მოსახლეობაში და ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“
პრემიერის, ირაკლი კობახიძის ვიზიტზე ირანში.
„ჩვენ ვიცოდით თეირანში კობახიძის ვიზიტის შესახებ...
ირანის გავლენა რეგიონში გარკვეული პერიოდია, არსებობს. მე ვიცოდი
ამის შესახებ. ვიცოდი, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ისლამურ კვლევით
ცენტრებს, მეჩეთებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ირანში სწავლობდნენ.
რაც არ ვიცოდი და რაც გავიგე დეკემბერში ჩემი იქ ყოფნისას, არის ის,
რომ ასევე იყო აქტიური ჩართულობა „ქართული ოცნების“ კამპანიის
დასახმარებლად. ისინი ფულს დებდნენ იმაში, რომ დამთხვეოდნენ „ქართული
ოცნების“ კამპანიის გზავნილებს. მართალია, კანდიდატების გვერდით არ
მდგარან ირანელები, ისინი აძლიერებდნენ იმავე ნარატივებსა და
გზავნილებს, რასაც „ქართული ოცნება“, და ახდენდნენ ზეწოლას ადგილობრივ
საზოგადოებაზე, რათა მხარი „ქართული ოცნებისთვის“
დაეჭირათ“. - განაცხადა ლორა თორნტონმა
„ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი ირაკი კობახიძე ირანში, 2024 წლის
30 ივლისს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავიდა, რასაც საქართველოში
მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოყვა.
ლორა თორნტონი 9 იანვარს სიტყვით გამოვიდა
„ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელიც
საქართველოს შესახებ გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას
იღებდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიჭშვილიც.
რადიო „მარნეული“