მარნეულის საკრებულომ „ოცნების“ პარლამენტის კანონი აღასრულა - აპარატის უფროსს საჯარო მოხელის სტატუსი ჩამოერთვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს მიღებული ცვლილებების შესაბამისად საკრებულოს აპარატის უფროსს საჯარო მოხელის სტატუსი ჩამოართვა. დღეს, 17 იანვარს, მიღებული საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, აპარატის უფროსი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი გახდა.

„საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის სტატუსი გარდაიქმნა, ვინაიდან ის მიეკუთვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. შესაბამისად, სამართლებრივი სტატუსის ცვლილებამ განსხვავებულ
სამართლებრივ რეგულაციაში მოაქცია ყველა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ექვემდებარება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშნულ პირს. გთხოვთ, აღნიშნულიდან გამომდინარე კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს“
. - განაცხადა მარნეულის საკრებულოს აპარატის წარმომადგენელმა ცოტნე ბოჭოიძემ

“ქართულმა ოცნებამ” საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში, მიიღო. 15 დეკემბერს მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებების მიხედვით, შეიცვლა მმართველი რგოლის საჯარო მოხელეების სტატუსი, გაიოლდა რეორგანიზაცია და შეიცვალა მოხელის შეფასების სისტემა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მაშინ შევიდა, როდესაც საჯარო მოხელეების ნაწილმა ხმა აიმაღლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებისა და მშვიდობიანი აქციების დარბევების წინააღმდეგ.

იურისტები კანონში შესულ ცვლილებებს პოლიტიკური დევნის საფუძვლად აფასებენ. აცხადებენ, რომ აღნიშნული სისტემით ხელისუფლებას ეძლევა ძალა სამსახურიდან გაანთავისუფლოს მისთვის არასასურველი საჯარო მოხელე და დანიშნოს მის ადგილას პარტიის მხარდამჭერი პირები.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები