სოფელ ჩანახჩში 18 დღეა მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
18 დღეა, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩიში მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რადიო „მარნეულს“ უთხრა, სასმელ წყალზე წვდომა სოფლის დაახლოებით 60%-ს არ აქვს, ნაწილი კი მთიდან წამოსული წყლით სარგებლობს. ადგილობრივის თქმით, საქმის კურსშია ჩანახჩის რწმუნებული, თუმცა პრობლემის გადაწყვეტის გზების შესახებ ინფორმაცია მათ არ აქვთ.

ჩანახჩში მარნეულის მერის წარმომადგენლად გიგოლ ათაბეგიანი მუშაობს. როგორც მან, რადიო „მარნეულთან“
სატელეფონო ინტერვიუში თქვა, სოფელში 1 წლის წინ აშენდა ჭაბურღილი, რომელიც 31 დეკემბრიდან აღარ ფუნქციონირებს. ათაბეგიანმა მიზეზი არ იცის, ვინც პრობლემის შესახებ დასკვნა უნდა დადოს, მშენებელი კომპანიაა, რომელსაც ჩანახჩში რამდენიმე დღეში ელოდებიან. რადიო „მარნელის“ კითხვაზე, რატომ არ მოხდა რეაგირება სასმელი წლის სისტემის გამართვაზე გაფუჭებიდან 18 დღეში, რწმუნებულმა გვითხრა, რომ მიზეზი საახალწლოდ გამოცხადებული უქმე დღეები იყო.
გიგოლ ათაბეგიანის, განმარტებით, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელს ჩანახში უახლოეს დღეებში ელოდებიან.

„შეთანხმებულია მშენებელთან. მოვა ამ დღეებში, საზღვარგარეთაა წასული და აქამდე ვერ მოვიდა. უნდა ნახონ რისი პრობლემაა, მოკლე ჩართვა მოხდა თუ რა არის. ჭაბურღილი გაკეთდა აქ 1 წლის წინ, ამ ჭაბურღილიდან მიდის წყალი რეზერვუარში და რეზერვუარიდან ნაწილდება მოსახლეობასთან. ეს ჭაბურღილი ვინც ააშენა, მშენებელი უნდა მოვიდეს თვითონ, საგარანტიოში გვიწერია. უნდა გადაწყვიტოს თავის წილში არის დაზიანება თუ ჩვენს ნაწილში. უკვე საქმის კურსშია ყველა, მალე გადაწყდება ეს პრობლემა. ყველა უბანში არის წყალი, უწყლოდ კი არ ცხოვრობენ. მშენებელს ველოდებით, კომუნიკაცია მქონდა, თვითონ მითხრა, რომ კვირის ბოლოს, ან ხვალ ან ზეგ უნდა მოვიდეს.“ - თქვა გიგოლ ათაბეგიანმა. 

მარნეულის მერიამ სოფელ ჩანახჩში წყალმომარაგების სისტემა 825 000 ლარად მოაწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს “ბილდინგ-დეველოპერ” - მა შეასრულა. თანხის 95% სახელმწიფომ, ხოლო 5% მერიამ გამოყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები