მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით 25
პაციენტი წევს.
როგორც რადიო „მარნეულს“ სამედიცინო დაწესებულების პედიატრიული
განყოფილების ხელმძღვანელმა, ილონა ხიზანეიშვილმა განუცხადა, 23
იანვრის მონაცემებით, მათ კლინიკაში 25-მდე ადამიანი მკურნალობს. მათი
მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მართვას ექვემდებარება.
“დაახლოებით 50% არის დადასტურებული გრიპის ვირუსი. საუბარი
მაქვს A და B ტიპის ვირუსზე. ახასიათებს ცხელება, გართულება ბაქტერიულ
ინფექციებზე. ახლა არის დაახლოებით 25 პაციენტი, გვყავდა მაგალითად
31-იც . როგორც ვიცი გუშინაც იყო ღამე და რამდენიმე უადგილობის გამო
ვერ მივიღეთ. რამდენიმე დღე შემცირება შეინიშნებოდა. მე მაინც
ვფიქრობ, რომ პიკი გადავიარეთ. მაგრამ ვნახოთ, ახლა სკოლები გაიხსნა
და ბაღები.... „ - თქვა ილონა ხიზანეიშვილმა
გრიპის ვირუსის მატება დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო,
განსაკუთრებით მკვეთრი მატება იანვრის პირველ , მეორე და მესამე
კვირას გამოვლინდა. როგორც პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ
მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, "იაშვილის სახელობის
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა ივანე
ჩხაიძემ განაცხადა, იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით
გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის
ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია. ეს ძალიან მაღალი
მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, უხეშად რომ ვთქვათ, 10 ადამიანიდან,
რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი
ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია.
“ყველა წინა სტატისტიკა მკაფიოდ გვიჩვენებდა, რომ H 1 ტიპის ვირუსი
ყველაზე მეტად იყო გავრცელებული, ბოლო მონაცემი, იანვრის მესამე კვირა
მიგვითითებს, რომ პირიქით, B ტიპის ვირუსის სიჭარბეა. ახლა 36 % B
ტიპის ვირუსია, 24 % A ტიპის H 1 ტიპის ვირუსი. ორივეს იდენტური
კლინიკური სიმპტომატიკა ახასიათებს: ესაა მაღალი ტემპერატურა, 38
გრადუსი და მეტი, თავის ძლიერი ტკივილი, ყელის, თვალების ტკივილი,
სახსრების, კუნთების ტკივილი , ხველა, საერთო სისუსტე, მადის
დაქვეითება, მცირე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, ღებინება და დიარეა
გამოჩნდეს. რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია გვიანი არასდროსაა. მეორე
რეკომენდაცია მკურნალობას ეხება: გრიპი იმ ვირუსების კატეგორიას
მიეკუთვნება, რომლის საწინააღმდეგო ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება
არსებობს. თუ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს და აღგენიშნათ ის სიმპტომები,
რაც ჩამოვთვალე, სასურველია, პირველივე დღეს თქვენი მკურნალი ექიმი
საქმის კურსში იყოს და გადაწყვეტილება მიიღოს, დაიწყოთ, თუ არა
ანტივირუსული პრეპარატი." - განაცხადა ივანე
ჩხაიძემ.
აღნსანიშნავია, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთება მარნეულის „ჯეო
ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, „მედX“-სსა და
სოფლის ამბულატორიებშია ხელმისაწვდომი.
/გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის
არქივი./