25 იანვარს ქალაქ მარნეულსა და ყიზილაჯლოში წყალმომარაგების ახალი
ქსელი დაიტესტება.
ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და მოსახლეობას
მოუწოდებს წყალი არ გამოიყენონ სასმელად 24 საათის განმავლობაში.
“25 იანვარს, ქალაქ მარნეულში და სოფელ ყიზილაჯლოში, სასმელი
წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაიტესტება ახალი ქსელი
და მოხდება წყლის გაშვება. გთხოვთ, რომ 25 იანვრის დილის 11:00
საათიდან, 24 საათის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარებისგან თავი
შეიკავოთ, რათა მოხდეს წყლის ხარისხის სტაბილიზაცია და უსაფრთხოების
ყველა პარამეტრის უზრუნველყოფა.” - წერს მარნეულის მერია
აღსანიშნავია, რომ მარნეულში წყალმომარაგების სისტემის ცვლილებაზე
მსჯელობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. ოთხი წლის წინ, მარნეულის
მუნიციპალიტეტის 35 200-მდე მაცხოვრებელს, სასმელი წყლის 24 საათის
განმავლობაში მიწოდებას დაჰპირდნენ. პროექტის განხორციელება ქალაქ
მარნეულსა და სოფლებში 2019 წელს დაიწყო. გადაითხარა გზები, აიყარა
მილები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზების გამო გაფუჭდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივების ავტომობილები.
პროექტი კომპანია „Akelik Group”-ს 2021 წლის მარტამდე უნდა
დაესრულებინა, მაგრამ კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულება ვერ
შეასრულა რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.
„აკელიკ გრუპმა“ ხელფასები ვერ გადაუხადა დასაქმებულებსაც, რის გამოც
კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებიც დაიწყო, რომლის შედეგადაც
კომპანიას 9 დასაქმებულისათვის ხელფასების გადახდა დაეკისრა.