მარნეულის ტელევიზიის დირექტორის მიერ ორი თვის წინ შექმნილ ვებგვერდს მერიამ 9 900 ლარიანი ტენდერი გაუფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ორი თვის წინ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ ორგანიზაციასთან, „Region News“ -თან 9 900 ლარის ღირებულების ტენდერი გააფორმა.

ორგანიზაცია საჯარო რეესტრში 21 ნოემბერს დარეგისტრირდა.


კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი ზაზა ბაბლუანია. ბაბლუანი ასევე არის დირექტორი მარნეულის ტელევიზიის. ორგანიზაციის, რომელსაც უკონკურენტოდ აქვს მოგებული მერიის სატელევიზიო მომსახურების 199 500 ლარიანი ტენდერი.

"Region News"-ზე პირველი მასალა იანვარში გამოქვეყნდა. ვებ-გვერდზე ძირითადად დაკოპირებული ინფორმაცია გვხვდება, რომელიც უმეტესად "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ
მასალას წარმოადგენს.



რა მიზნით შეირჩა სათანამშრომლოდ „Region News“ და რატომ ვერ უზრუნველყოფს მერიის ვებ-გვერდი ინფორმაციების გავრცელებას, კითხვებზე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ჭიკაძე გვპასუხობს და განმარტავს, რომ აღნიშნული სააგენტო, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა. ბაზრის კვლევის განთავსებას მუნიციპალიტეტს კანონი ავალდებულებს, თუმცა ბაზრის კვლევის ოქმი არც გამარტივებულ ტენდერშია დართული და არც შესყიდვების სააგენტოს ბაზრის კვლევის განყოფილებაში იძებნება.

„ჩემი ინფორმაციით, ბაზრის კვლევიდან გამომდინარე შეირჩა, ზოგადად ასე ხდება, რომ ბაზრის კვლევა რომ ტარდება, ვინც ყველაზე დაბალ ფასს დააფიქსირებს ის ირჩევა მოთხოვნების შესაბამისად. საიტი და ფეისბუქი ჩვენ ჩვენი გვაქვს, უზრუნველყოფს ინფორმაციას როგორც საჭიროა, მაგრამ დამატებით, ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ ხან ერთ სააგენტოსთან, ხან მეორესთან, გაზეთი „ გურჯისტანია“ ტელევიზიაა თუ რა არის, ჩვენ დამატებითი წყაროები გვაქვს, რომლითაც გვინდა, რომ გავიდეს მოსახლეობასთან. ჩვენ არასდროს არ გვქონია ონლაინგამოცემასთან ის თემა, რომ აუცილებლად რამდენიმე ენაზე უნდა ყოფილიყო. ჩვენ ტელევიზიასთან გვაქვს მოთხოვნა ორ ენაზე. ბეჭდურ გაზეთს ვურიგებთ ხოლმე იმ მოსახლეობას, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ჩვენი ფეისბუქ გვერდი კი ორ ენაზე მუშაობს. დამატებით სააგენტოები უფრო ფართო მასებისთვის გვჭირდება ხოლმე“ - გვითხრა დავით ჭიკაძე.

ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მარნეულის მერიას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ სააგენტოსთან, ინტერპრესნიუსთან, ახლაც თანამშრომლობს აზერბაიჯანულენოვან გაზეთ „გურჯისტანთან“, რომლის ტირაჟიც მარნეულზე ყოველთვიურად 850 ცალია. ხოლო როგორ გეგმავენ საზოგადოებისათვის უცნობი ონლაინგამოცემით ინფორმირებულობის გაზრდას მოსახლეობაში, კითხვის ნიშნებს ბადებს.

ხელშეკრულების თანახმად, ონლაინ გამოცემა „რეგიონ ნიუსი“ ინფორმაციას მუნიციპალიტეტში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების შესახებ გაავრცელებს
სააგენტოსთან ურთიერთობის ფარგლებში, მიწოდებული მასალა უნდა გამოქვეყნდეს. 

ყოველთვიურად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მოთხოვნის შესაბამისად.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები